გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებს და სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადის. ვახტანგ ლიჩელი ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს, რას უკავშირდება მისი ტერიტორიაზე მისვლა და რა საკითხზე გადიან სამართალდამცველები მასთან კონსულტაციას.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
