LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების რეგისტრაცია დღეიდან იწყება

136

დღეიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყება. ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

როგორც ”ფორტუნას” მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ განუცახადა, კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ. პროგრამისთვის პრიორიტეტულია ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები.

მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 წლის ზემოთ პირს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; ასევე არ უნდა იყოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, და, ძმა); დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში.

პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად მეწარმე სუბიექტები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს, რომელიც გულისხმობს მონაწილეობას ბიზნეს იდეის და შემდგომში ბიზნეს გეგმის კონკურსებში. კონკურსებს შორის მეწარმეები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგს. მეწარმეების თანადაფინანსება მოხდება მათ მიერ ბიზნეს გეგმის სპეციალური კომისიისთვის წარდგენის და ადგილზე შემოწმების შედეგად.

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მიზნებია: რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა; შემოსავლების ათვისება; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დამკვიდრება; დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაცია. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, ხანგრძლივობა კი 26 თვე. პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოხდება 3000–მდე მეწარმის ხელშეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს 5000–მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

ანთიას ინფორმაციით, პროგრამის პირველი რაუნდის ფარგლებში 921 პროექტი უკვე დაფინანსდა და უახლოეს დღეებში კიდევ დაემატება. პროგრამის მეორე რაუნდში კი დაგეგმილია დაფინანსდეს სულ მცირე 1500 ბენეფიციარი.

ბიზნესიდეების კონკურსის მეორე რაუნდის პირველი ეტაპის შედეგები სავარაუდოდ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ოთხ ლოტად არის დაყოფილი და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები ახორციელებენ:

კახეთში, მცხეთამთიანეთსა და შიდა ქართლში – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი. ცხელი ხაზი 0 32 2 05 19 92;

იმერეთში, რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა – საქართველოს სკაუტები. ცხელი ხაზი – 0431 25 55 74. ელ.ფოსტა – [email protected]

სამცხეჯავახეთსა და ქვემო ქართლში – ა(ა)იპ RDA – რეგიონალური განვითრების ასოციაცია. ცხელი ხაზი – 032 2 05 19 92; ელ.ფოსტა –  [email protected]

აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – შპს ჯი-ემ-სი-ჯი – INNOVA. ცხელი ხაზი – 16 100 (კოდის გარეშე).

magti 5g