LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრძელვადიანი და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის, პირველი რიგში მიზანდასახულობა, საქმის უანგარო სიყვარული და მუდამ სიახლისკენ, განვითარებისკენ სწრაფვაა აუცილებელი” – თამარ ჩიგოგიძის ,,წარმატების ფორმულა”

93
tamarchigogidze

21 თებერვალს გვანცა ლაღიძის „წარმატების ფორმულას“ განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა, რადგან გადაცემას თავად რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი და „ფორტუნა აკადემიის“ დამფუძნებელი, ქალბატონი თამარ ჩიგოგიძე ეწვია, რომელმაც „ფორტუნას“ მოკლე ისტორია მოუთხრო მსმენელს და რადიო სექტორში დღეს არსებულ აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე ისაუბრა.

ბიოგრაფიული მონაცემები 

სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ქალბატონმა თამარმა ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსებზე გააგრძელა სწავლა, რომლის დასრულების შემდეგ Hartwick College-ში მიიღო ბიოლოგიურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, საქართველოში დაბრუნებულმა კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც სამეცნიერო საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში. ინსტიტუტის წითელი დიპლომით დასრულების შემდეგ ქალბატონმა თამარმა დისერტაცია დაიცვა და დოქტორის წოდება მიიღო კარდიოლოგიის დარგში.

სწავლის პარალელურად ქალბატონი თამარი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რადიო „ფორტუნას“ შექმნაში, მოგვიანებით კი, საერთაშორისო ტრენინგებსა და პროფესიულ კურსებზე აიმაღლა კვალიფიკაცია – 2007 წელს გერმანიაში გაიარა Deutsche Welle-ს მიერ ორგანიზებულ რადიო მენეჯმენტის კურსები, 2010 წელს კი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიიღო პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი.

– ქალბატონო თამარ, პირველ რიგში როგორ გრძნობთ სტუმრის ამპლუაში?

– ძალიან კომფორტულად. მივესალმები ჩვენს ძვირფას მსმენელს, თქვენ კი, დიდ მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი გადაცემის სტუმრობა.

– უამრავ პრესტიჟულ ჯილდოსა და პრემიასთან ერთად პროექტის „თბილისს ეამაყებით“ გამარჯვებულიც ხართ. თავად რით ამაყობთ ყველაზე მეტად, რადგან მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ „ფორტუნაში“ მართლაც ძალიან ბევრი შექმენით, რასაც თანამშრომლებთან ერთად ჩვენი სტუმრებით ხშირად აღნიშნავენ,

– დიდი მადლობა ასეთი თბილი წარდგენისთვის. ძალიან ბევრით ვამაყობ. პირველ რიგში, მიხარია, რომ ჩვენს კომპანიაში სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები, პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ. ბუნებრივია, ვამაყობ საკუთარი ოჯახით, მშობლებით, მეუღლითა და შვილებით. ამასთანავე, ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ, რადგან რეიტინგულ, მსმენელის მიერ მეტად დაფასებულ და პატივცემულ რადიოსადგურებს ვხელმძღვანელობ.

– ჰოლდინგი ოთხ რადიოს – „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსს“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“ აერთიანებს. საინტერესოა, თქვენ რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?

– რა თქმა უნდა, ოთხივეს სიამოვნებით ვუსმენ. განსხვავებული ფორმატის წყალობით მეც განწყობის შესაბამისად ვირჩევ რადიოსადგურს, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი ფლაგმანი – რადიო „ფორტუნა“, რომლის მუსიკალური რეპერტუარი – ყველა დროის საუკეთესო ჰიტები, სხვებზე მეტად ერგება ჩემს გემოვნებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია რადიოს კონტენტი – ახალი ამბები და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც დღეს ყველა საქმიან ადამიანს სჭირდება.

– მუდმივად სიახლეზე, ინოვაციებზე ხართ ორიენტირებული და დაუღალავთ შრომობთ რადიო სექტორის განვითარებისთვის, ამიტომ სხვებზე უკეთ იცით, რა პოზიციაზეა რადიო დღევანდელ ბაზარზე?

– თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ რადიო წამყვან როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში, რადგან გართობისა და ინფორმაციის საუკეთესო საშუალებაა. მეტიც, საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების თანახმად, სწორედ რადიო ითვლება ყველაზე სანდო, საიმედო და ოპერატიულ მედიასაშუალებად, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ავტომობილების მატებასთან ერთად სულ უფრო იზრდება მასზე მოთხოვნილება. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მოგვაყენა პანდემიამ და რომ არა რადიო სექტორის ერთსულოვნება, დარწმუნებული ვარ, შედეგები ბევრად სავალალო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩვენი კომპანიის თაოსნობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი შეღავათების დაწესება და ისეთი რეგულაციების გადავადება, რაც სერიოზული წნეხი იქნებოდა ჩვენი სექტორისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და არა მხოლოდ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს გადავუხადო მადლობა, რომელთაც სწორად გაანალიზეს არსებული სიტუაცია და მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას, არამედ კოლეგებს რადიო სექტორიდანაც, რომელთა ერთსულოვნების გარეშე მართლაც შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, დიდად ვემადლიერები ჩემს გუნდსაც, რომელიც ყველა ლხინსა თუ გასაჭირში საიმედოდ მიმაგრებს ზურგს.

– როგორც აღნიშნეთ, მეტწილად სწორედ ავტომოყვარულები უსმენენ რადიოს. საინტერესოა, თავად მხოლოდ მანქანაში უსმენთ რადიოს თუ სახლშიც მისი მსმენელი ხართ?

– რა თქმა უნდა, სახლშიც ვუსმენ და ავტომობილშიც, რადგან ეს ჩემი ბიზნესია და ვალდებული ვარ, მუდმივად საქმის კურსში ვიყო.

– აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში სწორედ „ფორტუნა“ გაწევრიანდა პირველი ევროპის რადიო ასოციაციაში, რითაც ყველა ძალიან ვამაყობთ, რადგან რთული და შესაძლოა, ბევრისთვის მიუღწეველია მსგავსი ასოციაციის წევრობა. როგორ ახერხებთ კომპანიის განვითარებას, მუდმივად წინსვლას და გამარჯვებას? 

– გეთანხმებით, 2020 წელს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მართლაც გახდა ევროპის ასოციაციის წევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს ორგანიზაციაში გაწევრიანება არ მხოლოდ პრესტიჟული, არამედ სასარგებლოცაა, რადგან სწორედ ასოციაციის დახმარებით ვამყარებთ კომუნიკაციას კოლეგებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვცვლით ინფორმაციას და ვუზიარებთ ახალ იდეებს, ვმსჯელობთ პრობლემებზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ვცდილობთ ერთად გადავჭრათ აქტუალური პრობლემები. რაც შეეხება განვითარებას და გამარჯვებას – მართალია, კომპანიაში განსხვავებული ბექგრაუნდის, ასაკისა და ინტერესების პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ ყველას საერთო ფასეულობები გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ერთობაშია ჩვენი ძალა.

– საკუთარი 11-წლიანი მუშაობის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფორტუნა“ განვითარების მართლაც საუკეთესო საშუალებაა და არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. თქვენი აზრით, რით უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა, როცა მიზნისკენ სწრაფვისა და დაუღალავი შრომის მიუხედავად მაინც უამრავ ბარიერისა და წინაღობას აწყდება?

– ვფიქრობ, მთავარი გამბედაობა და მიზანდასახულობაა. პრობლემები და სირთულეები ყოველთვის იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ჩვენი კომპანია, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რამდენად შეძელით ოცნების ასრულება?

– ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა და მიხარია, რომ ოცნება ავისრულე. დედაც კარდიოლოგია და შესაძლოა, სწორედ მან განაპირობა ჩემი სიყვარული ამ პროფესიის მიმართ. მართალია, დღეს სრულიად განსხვავებულ სფეროში ვსაქმიანობ, მაგრამ სამედიცინო განათლებასაც  აქტიურად ვიყენებ ახლობლებისა და მეგობრების დასახმარებლად.

– უამრავი ჯილდოს მფლობელი ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პრემიების ფლობა და არის თუ არა ამგვარი დაფასება მოტივაცია ახლის შექმნისთვის. სხვათა შორის, ჩვენი სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ფორტუნა“ არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, რადგან ერთ წარმატებას ყოველთვის მეორე მოსდევს და ასე დაუსრულებლად,

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდოს მიღება სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის მსგავსი აღიარება ნაკლებადაა მოტივაცია, რადგან მუდმივად წინსვლის, სიახლისა და ღირებულის შექმნის შინაგანი მოთხოვნილება მაქვს მიუხედავად ჯილდოებისა და პრემიებისა.

– ყველა ვამაყობთ ფანტასტიკური კონკურსით „ოქროს ტალღით“, რომელიც ალბათ თქვენი საყვარელი პროექტიცაა. საინტერესოა, როგორ გულშემატკივრობთ კონკურსის მონაწილეებს?

– „ოქროს ტალღა“ მართლაც საამაყო პროექტია, რადგან ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას. სამწუხაროდ, პანდემიამ მისი დროებით შეჩერება გვაიძულა, თუმცა იმედი მაქვს, მდგომარეობა გამოსწორდება, ჩვეული ცხოვრების წესს დავუბრუნდებით და „ოქროს ტალღასაც“ აუცილებლად აღვადგენთ.  რაც შეეხება გულშემატკივრობას – რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე ერთნაირად გვიყვარს და ძვირფასია ჩვენთვის, თუმცა მათი შეფასებისას მაინც მაქსიმალურ ობიექტურობას ვინარჩუნებთ, რადგან სწორედ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა განსაზღვრავს პროექტის სანდოობასა და მაღალ რეიტინგს.

– მართალია, თავიდან მედიცინა აირჩიეთ საქმიანობის სფეროდ, მაგრამ მოგვიანებით რადიო სექტორში ამჯობინეთ მუშაობა. რა გახდა გარდამტეხი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას?

– სამწუხაროდ, მეტად რთულ პერიოდში მომიწია სწავლა, რადგან სხვა სფეროების მსგავსად, ვერც ქართული მედიცინა აკმაყოფილებდა საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს. წინსვლა და პროგრესირება ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მედიცინისთვის, მე კი, განვითარების ვერანაირი პერსპექტივა ვერ დავინახე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ოჯახურ ბიზნესში ჩაბმა. სხვათა შორის, მამამ, გურამ ჩიგოგიძემ – რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელმა და სულისჩამდგმელმა მიბიძგა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისკენ, რაც არასდროს მინანია. სიმართლე ვთქვა, ხელმძღვანელობა არ იყო ჩემთვის ახალი, რადგან უამრავ კლუბსა და ორგანიზაციას ვმართავდი სტუდენტობის პერიოდში. მაგალითად, ამერიკაში ჩემს სასწავლებელში შევქმენი საერთაშორისო კლუბი, თბილისში კი, სამეცნიერო საბჭოს ჩავუდექი სათავეში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამა გლობალური ხედვის, სტრატეგიული აზროვნების და მრავალი ღირსების მქონე, მართლაც საოცარი ადამიანი იყო. 22 წელი ვიმუშავე მის გვერდით და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ მისგან მივიღე ყველაზე დიდი გამოცდილება. ყოველთვის მონატრებით მახსენდება ჩვენი მუშაობა, როცა ვბჭობდით და ერთად განვიხილავდით ახალ იდეებს. მეტიც, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, დღესაც მას ვიხსენებ და ვფიქრობ ის როგორ მოიქცეოდა მოცემულ სიტუაციაში. სხვათა შორის, ყველა რადიოს სახელი და ლოგო და სლოგანი ჩემი მოფიქრებულია, რითაც ძალიან ვამაყობ.

– დარწმუნებული ვარ უამრავი ახალი იდეა და პროექტი გაქვთ, რის განხორციელებას გეგმავთ პირველ რიგში?

– მართლაც უამრავი იდეა და გეგმა გვაქვს, თუმცა, თანამედროვე, მეტად დინამიური ცხოვრების ფონზე, როცა ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად იცვლება, ძალიან რთულია პროგნოზირება და გრძელვადიანი გეგმების დასახვა, მით უფრო, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის შესახებ, რომელიც პირველი მარტიდან შედის ძალაში, სერიოზული დარტყმას მიაყენებს არა მხოლოდ რადიო, არამედ მთლიანად მედია სექტორს. ჩვენს შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან მიღებული შემოსავალი  25 პროცენტს შეადგენს, ხოლო რეგიონული რადიოსადგურების,  შემოსავალი 70 პროცენტს აღემატება, ანუ პრაქტიკულად სრულად არიან დამოკიდებული ამ ბიზნესზე, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მედია. ახლა მთავარი მობილიზაცია და გაერთიანებაა, რათა გავუძლოთ მძიმე დარტყმას. ვფიქრობ, ძალიან ნაჩქარევი იყო კანონის ამ სახით მიღება, რადგან კოვიდის შემდეგ ქართულმა ეკონომიკამ ვერ შეძლო სრულად რეაბილიტირება. აუცილებლად გასათვალისწინებელია უცხოელების გამოცდილებაც, რადგან არცერთ დასავლურ ქვეყანას არ შემოუღია მსგავსი აკრძალვები. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილებას იზიარებს, რომელიც საზოგადოების სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ ხორციელდება. იმედი მაქვს მსგავსი ინიციატივაც გამოიღებს შედეგს და ჩვენს მიერ გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ აღმოჩნდება. ამასთანავე, კარგი იქნება თუ კანონის ავტორები მიხვდებიან, რამდენად საზიანო და ზარალის მომტანია ამგვარი რეგულაცია და კიდევ ერთხელ გადახედავენ საკუთარ გადაწყვეტილებას.

– კომპანიის ფლობა პირველ რიგში მის მართვას გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით, რადგან წარმატების მიღწევა მარტივია, მისი შენარჩუნებაა ძალიან რთული. საინტერესოა, რა თვისებებს აქცევთ ყურადღებას თანამშრომლების და საქმიანი პარტნიორების შერჩევისას?

– რა თქმა უნდა, თანამშრომლების შერჩევისას მათი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ვინტერესდები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პატიოსნება და ერთგულება, რადგან სწორედ კომპანიის და მისი ფასეულობების ერთგულებით შეიძლება საერთო წარმატების მიღწევა.

– როგორ ახერხებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველას ერთნაირად მოსწონს მუშაობა?

– ძალიან ბევრია დამოკიდებული ხელმძღვანელზე და მის ურთიერთობაზე თანამშრომლებთან. ვფიქრობ, მთავარი პოზიტიური განწყობა, მეგობრული რჩევის მიცემაა და არა მენტორის ტონით განკარგულებების გაცემა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიაში მართლაც ღირსეული ადამიანები მუშაობენ და ყველას დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ძალიან მომწონს მათთან მეგობრობა და გუნდური პრინციპით მუშაობა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვმსჯელობთ, განვიხილავთ ახალ იდეებს და ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით,  მხოლოდ ჰარმონიული, პოზიტიური და საქმიანი გარემოს შექმნით შეიძლება მივიღოთ გუნდურობა და ამის შედეგად კომპანიის წარმატებული საქმიანობა.

– რა შემთხვევაში ამბობთ უარს თანამშრომლობაზე?

– ძალიან იშვიათად, მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი არ იზიარებს ჩვენს შეხედულებებს და ფასეულობებს, ეწინააღმდეგება კორპორატიულ კულტურას და ვერ აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს.

– რა პრინციპით მუშაობთ ახალ პროექტზე?

– რა თქმა უნდა, გუნდურად, თუმცა თვითონაც ძალიან მიყვარს იდეების გენერირება, რადგან საკმაოდ კრეატიულად მივიჩნევ საკუთარ თავს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ახალი პროექტის და გადაცემის მოფიქრება.  იდეები ყოველთვის მრავლად გვაქვს, რომელთაც გუნდში განვიხილავთ და საბოლოოდ ისევ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას.

– როდის გაგიტაცათ უცხო ენების შესწავლამ?

– ჩემს ბავშვობაში რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, ამიტომ რუსულ ენას სრულფასოვნად ვფლობ. მოგვიანებით ინგლისური ვისწავლე, კოლეჯში კი, იტალიურს, ესპანურს და ფრანგულს შევეჭიდე. ძალიან მიყვარს ენები, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი მაინც ინგლისურია, რადგან სწორედ ჩემს ამერიკაში ყოფნას დაემთხვა ენის დახვეწა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისური ჩემი მეორე მშობლიური ენაა.

– რამდენად ხშირად იყენებთ უცხო ენებს პარტნიორებთან ურთიერთობისას?

– ძალიან ხშირად. მართალია, რუსულს დღესდღეობით არაფერში ვიყენებ, სამაგიეროდ ინგლისური მართლაც უმთავრესი ენაა საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრაზე პოტენციალურ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის.

– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს სირთულეების დროს?

– სიმართლე გითხრათ, სირთულეები ჩემთვის არა პრობლემა, არამედ მოტივაციაა, რადგან უფრო მეტად ვაქტიურდები და ვმობილიზდები. ვფიქრობ, ასე ბევრად უფრო საინტერესოა ცხოვრება. ძალიან არ მიყვარს რაღაცის მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ გამოწვევები ეხმარება ადამიანს განვითარებაში.

– რამდენად გამოგადგათ უცხოეთში მიღებული განათლება?

– ძალიან გამომადგა. მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, როცა BP-ის მიერ დაფინანსებულ ერთწლიანი ბიზნეს ადმინისტრირების სასწავლო კურსი გავიარე. გარდა ამისა, ხშირად მიწევს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, საიდანაც ვიღებ საინტერესო იდეებს  და გამოცდილებას. სწორედ ერთ-ერთ კონფერენციაზე, როდესაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევხვდი BBC -ის, Karnaval Group-ის, შვედეთის რადიო ჰოლდინგისა და ევროპის სხვა წამყვანი ჰოლდინგების გენერალურ დირექტორებს, გამიჩნდა იდეა, ინოვაციური ვებ-პლატფორმის  fortuna.ge შექმნისა,  რომელიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს და TOP.ge ზე მოწინავე პოზიციებს იკავებს.

– როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ოდესმე მედიცინის სფეროში დაბრუნებას?

– სამწუხაროდ დიდი დრო გავიდა და პაუზაც ძალიან გამიგრძელდა. თუმცა სისტემატურად ვეცნობი სიახლეებს მედიცინის, განსაკუთრებით კარდიოლოგიის სფეროში და მსგავსი გატაცებით  არა მხოლოდ საკუთარ ინტერესს ვიკმაყოფილებ, არამედ ახლობლებსაც ვეხმარები.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად, რადგან მიყვარს ოპერატიულობა. თუმცა ზოგიერთ საკითხს კარგად დაფიქრება და გააზრება სჭირდება. ნათქვამია, „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო“ და ზოგჯერ მეც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ.

ბლიცკითხვები –

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– თქვენი გადაცემის მოსმენისას, მეც დავფიქრდი ამ შეკითხვაზე და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე ხშირად სიტყვას „რადიო“ ვამბობ.

– რა არის ფორტუნას სლოგანი? 

– „ოქროს სტანდარტი FM-ზე!“  სხვათა შორის, ამ ფრაზის ავტორიც მე ვარ. ერთ-ერთ შეკრებაზე ვთქვი, ყველამ აიტაცა და სწორედ მაშინ იქცა ფორტუნას სლოგანად.

– კერძი რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– პიცა და სალათები.

– ვის შეგიძლიათ დაუთმოთ  სამზარეულო?

– დედას, რადგან ძალიან კარგი მზარეულია და ყოველთვის გემრიელ კერძებს ამზადებს, ხანდახან ჩემს მეუღლეს.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა, თუმცა ძალიან მიყვარს ხელოვნება და ხშირად ვიძენ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს.

– რა თვისებას აფასებთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად?

– პირველ რიგში, სამართლიანობას.

– სად ისვენებთ ყველაზე კომფორტულად?

– სიტუაციას გააჩნია, სახლშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს და სამსახურშიც.

– სპორტის რა სახეობა გიტაცებთ?

– ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ და ყოველ დილას კუს ტბაზე ვვარჯიშობ. ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი და ჩოგბურთის თამაში.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ძალიან მიყვარს საინტერესო, უჩვეულო კერძების რეცეპტების მოძიება, მომზადება და სტუმრებისთვის შეთავაზება. ბავშვობაში ხატვით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ახლა ნაკლებად მაქვს ხატვის დრო, თუმცა მიხარია, რომ ხატვის ნიჭი ჩემს ქალიშვილსაც აღმოაჩნდა.

– რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ?

– ფორტეპიანოსა და გიტარაზე. ზოგადად ძალიან მიყვარს მუსიკა, რადგან მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ვფიქრობ, სამართლიანი.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– რა თქმა უნდა, მამას, რომლის რჩევებს დღესაც ვითვალისწინებ. ზოგადად თემას და საკითხს გააჩნია, რადგან ჩემთვის ერთნაირად ფასეულია დედის, მეუღლის და შვილების რჩევა. ასევე საუკეთესო პროფესიულ რჩევებს ვიღებ გუნდის წევრებისგან.

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ადრე კლასიკური სტილი მომწონდა, ახლა კი, ყოველდღიური ელეგანტურობა ანუ ე.წ. Smart casual მიზიდავს.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან კარგი და  პოზიტიური წამყვანი ხართ.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს, რადგან თავად ანათებთ მზესავით.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, გრძელვადიანი და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის, პირველი რიგში მიზანდასახულობა, საქმის უანგარო სიყვარული და მუდამ სიახლისკენ, განვითარებისკენ სწრაფვაა აუცილებელი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტივის გაცემა, გარშემომყოფებზე ზრუნვა და მათთვის სიკეთის კეთება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები