„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა. მისი თქმით, გაურკვეველი მდგომარეობაა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, კერძოდ, ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა, ადგილობრივი ინსტრუქტორები უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების წინააღმდეგ წავიდნენ.
“სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული.
ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. კერძოდ, ეს არის უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების თემა, რომლებსაც ვერ ვარეგულირებთ კანონმდებლობით. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“.
ფედერაციის დამფუძნებელი კიდევ ერთი გამოწვევის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2023 წელს სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.
„2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება პერსონალი. ახალი რეგულაციით რატომ გადაწყვიტეს, რომ სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი 40 საათამდე შეიცვალოს? როდესაც ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, იცის, რომ 2-3 თვე უნდა იმუშაოს იქ, მზად არის უფრო მეტი საათი იმუშაოს. ის ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, სადაც მუშაობს. დამქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან“, – აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.