“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, გუდაურის და ყაზბეგის მიმართულებით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით, საგზაო პრობლემებით შეწუხებული არიან არა მარტო ტურისტები, არამედ ყაზბეგის მოსახლეობაც.
დავით მესხიშვილი მთავრობას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემაზე. მესხიშვილი ამბობს, რომ მთავრობისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია, მის აღმოსაფხვრელად კი გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
„პარალიზებულია მოძრაობა გუდაურის მიმართულებით და რამდენიმე კილომეტრიანი საცობებია. გზის სავალი ნაწილი დაკავებულია ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ. იმისთვის, რომ გადავაადგილდეთ, უნდა გადავკვეთოთ ღერძულა ხაზი, გადავიდეთ საპირისპირო მიმართულებით და ასე გავაგრძელოთ გზა, რაც ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ძალიან დიდ რისკებს. გუდაურში დასვენება გვიჯდება სიცოცხლის რისკის ფასად, იმიტომ რომ იქ გადაადგილება არის თითქმის შეუძლებელი,”-განაცხადა დავით მესხიშვილმა.