LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგავას განცხადებით, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქგამოკითხვას ჩაატარებენ

151
1

შევა თუ არა “ლეიბორისტული პარტია” პარლამენტში – ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიაში მსჯელობა უკვე დაწყებულია.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, ამის თაობაზე გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს.

მოსახლეობის გამოკითხვის მეთოდებზე გუგავამ დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოკითხვა “ფეისბუქის” საშუალებითაც ჩატარდება:

“მას შემდეგ, რაც დაირღვა საერთო ოპოზიციური ბოიკოტი და სამწუხაროდ, შევიდნენ გაყალბებულ პარლამენტში, საკრებულოებში და დღემდე არ აპირებენ გარეთ გამოსვლას, პარტიაში დაიწყო მსჯელობა – ხომ არ გადაგვეხედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით გაიმართება გამოკითხვები, ჩვენს ამომრჩეველს შორის, მათ შორის ფეისბუქგამოკითხვები.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ შინაარსი დაკარგა, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ წარმომადგენლები, მათ იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც, ლამის, ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას”, – თქვა გუგავამ.

შეგახსენებთ, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა, როდესაც საუბარია ხალხის ინტერესებზე, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანი ხდება.

ნათელაშვილის თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში გამოჰკითხავენ.

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

პოპულალურები