24 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ბოხუას ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ფაღავა და ამავე ცენტრის ენდო-ვასკულური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ყიფიანი სტუმრობდნენ, რომელთაც კარდიოლოგიური პრობლემები განიხილეს და კატე-კორონაროგრაფიაზე ისაუბრეს.
– ბატონო ზურაბ, მედიცინის სხვა დარგების ფონზე, სწორედ კარდიოლოგია განვითარდა ყველაზე მეტად 21-ე საუკუნეში. საინტერესოა, როგორ დამკვიდრდა რადიოლოგია კარდიოლოგიაში?
– სამწუხაროდ, არაინფექციურ დაავადებებს შორის სწორედ ათეროსკლეროზი და გულის პათოლოგიები ითვლება ყველაზე სახიფათოდ, რაც ხშირად პაციენტის ინვალიდობას და გარდაცვალებას იწვევს. განსაკუთრებით სახიფათოა მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უძღვის წინ, ამიტომ, რაც უფრო ოპერატიულად დადგინდება მისი წინაპირობები, მით უფრო ეფექტური იქნება პროფილაქტიკა და მკურნალობა. კორონაროგრაფია 1970-იან წლებში დაინერგა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა, ამიტომ აღნიშნული მეთოდი დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. მეტიც, 70-იან წლებში მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა 30% იღუპებოდა, დღეს კი, მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის ე.წ. სისხლიანი ანუ ინვაზიური კორონაროგრაფია არ გამოდგება, რადგან ნაკლებად სახარბიელო გვერდითი მოვლენებით ხასიათდება, სხივური დიაგნოსტიკა ანუ რადიოლოგია კი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს 21-ე საუკუნის დიაგნოსტიკის პროგრესად, მართლაც უებარი საშუალებაა.

– კონკრეტულად რა უპირატესობებით სარგებლობს კატე-კორონაროგრაფია?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კატე-კორონაროგრაფია მეტწილად პროფილაქტიკის მიზნით, სისხლძარღვების შესწავლისა და ოპტიმალური მკურნალობის დასანიშნად გამოიყენება. თუმცა, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პროფილაქტიკის მიზნით დანიშნული კვლევა სრულიად მოულოდნელად ავლენს უკვე დამძიმებულ დაავადებას, მაგალითად, კრიტიკულად შევიწროებულ სისხლძარღვებს, რაც პრაქტიკულად უსიმპტომოდ ვითარდებოდა.
– ბატონო ვახტანგ, რამდენად ხშირად გაკითხავენ პაციენტები პროფილაქტიკური შემოწმებისთვის?
– მართალია, არაინვაზიური მეთოდები პროფილაქტიკური შემოწმების ან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ პაციენტები მაინც ნაკლებად სარგებლობენ ამგვარი უპირატესობით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან „გაახალგაზრდავდა“ ათეროსკლეროზი, ინვაზიური კორონაროგრაფიის გამოყენება ახალგაზრდა ასაკში ნაკლებად გამართლებულია, კატე-კორონაროგრაფიის მოწინავე მეთოდი კი, პირიქით იდეალურად ერგება ახალგაზრდა პაციენტს ფარული რისკ-ფაქტორების გამოსავლენად.

– როგორია კატე-კორონაროგრაფიის ვიზუალიზაცია?
– ვიზუალიზაციის ეფექტი ძალიან მაღალია, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვიზუალიზაციაც უმჯობესდება, არტეფაქტების ოდენობა კი, მინიმუმამდე მცირდება. ამასთანავე, ვიზუალიზირდება არა მხოლოდ ფოლაქის სტრუქტურა და შევიწროების ხარისხი, არამედ სისხლძარღვების კარციფიკაციაც, რაც ნათლად მიანიშნებს დაავადების არსებობაზე ახალგაზრდა პაციენტებში. აქვე აღვნიშნავ, რომ კატე-კორონაროგრაფია თანმდევ დაავადებებსაც მაქსიმალური სიზუსტით ავლენს, რაც მის კიდევ ერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, კორონავირუსის დროს ბევრმა მიმართა კატე-კორონაროგრაფიის მეთოდს და დროულად აღმოაჩინა კარდიოვასკულარული დაავადებები, რომელთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში.
– რამდენად ამცირებს ხარჯებს კვლევის მსგავსი მეთოდი?
– კატე-კორონაროგრაფია მართლაც ძალიან ხარჯთეფექტურია, რადგან დაავადების განვითარებამდე ავლენს დაზიანებულ უბნებს და ბევრად ამცირებს პაციენტის ხარჯს მკურნალობაზე.
– ბატონო ზურაბ, რამდენად ხშირია თვითმკურნალობით დამძიმებული დაავადების შემთხვევები?
– სამწუხაროდ ძალიან ხშირია, რადგან ძალიან გვიყვარს იმ სფეროში რჩევების მიცემა, რომელშიც არაფერი გაგვეგება. მედიკამენტების დანიშვნა სპეციალისტების პრეროგატივაა და არა მეზობლების და მეგობრების.

– რამდენად გიწყობთ ხელს ბოხუას კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა მსგავსი კვლევების ჩატარებაში?
– რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობთ ჩვენი კლინიკით, რადგან ბრწყინვალე პერსონალი გვყავს და მართლაც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც არა მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევის, არამედ ეფექტური მკურნალობის საშუალებასაც იძლევა. მართალია, კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაც შეიძლება, მაგრამ ნაკლებადაა განვითარებული კონკრეტული დარგი, არადა კარდიოლოგიაში სწორედ მსგავსი კვლევაა მნიშვნელოვანი.
– რამდენად დაზღვეულია პაციენტი მსგავსი მეთოდით კვლევის სისტემატურად ჩატარების შემთხვევაში?
– საბედნიეროდ, გულის პათოლოგიები მეტწილად პრევენტაბელურ დაავადებებს მიეკუთვნებიან და პროფილაქტიკასაც ექვემდებარებიან, რაც თავის მხრივ, თითქმის 60%-ით ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს.