მიუხედავად იმისა, რომ ჭორაობას ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვს, ახალი კვლევის მიხედვით, ის რომანტიკულ ურთიერთობებს ამყარებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები ჟურნალმა Journal of Social and Personal Relationships-მა გამოაქვეყნა.
ექსპერიმენტისთვის 76 წყვილი შეარჩიეს და ყველა მათგანი თანაცხოვრებაში უკვე 1 წელზე მეტი ხანი იმყოფებოდა. წყვილებს სპეციალური ჩამწერი მოწყობილობები დაუმონტაჟეს და მათ რეალურ საუბრებს რამდენიმე დღის განმავლობაში იწერდნენ.
საერთო ჯამში ექსპერტებმა 100 ათასი აუდიო ფრაგმენტი მოაგროვეს.
აღმოჩნდა, რომ ის წყვილები, რომლებიც უფრო ხშირად ჭორაობდნენ, უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს და მათ შორის ურთიერთობის ხარისხიც უფრო მაღალი იყო. ამასთან, პარტნიორები ჭორაობას დღეში საშუალოდ 38 წუთს მაინც უთმობდნენ და თითქმის ყველა წყვილმა ერთხელ მაინც იჭორავა.
ეს შედეგი ყველა ტიპის წყვილზე ერთნაირად ვრცელდება – რაც მიუთითებს, რომ სოციალური ინფორმაციის გაზიარება, მათ შორის ჭორიც, ეხმარება პარტნიორებს უფრო ახლოს და ემოციურად დაკავშირებულად იგრძნონ თავი.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ჭორაობა შეიძლება ემოციური გაზიარების, ნდობის გაღრმავებისა და ურთიერთდახმარების ერთგვარი ფორმა იყოს. მომავალ კვლევებში იგეგმება იმის გამოკვლევა, თუ რატომ და როგორ ახდენს ჭორაობა ამ დადებით ზემოქმედებას და შეიძლება თუ არა ის გამოყენებულ იქნეს წყვილთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.