პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში განახლება მოსალოდნელია, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებს.
,,გუნდში განახლება მოსალოდნელია და ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით, როგორც ეს ანონსდება. პარტიული განვითარება აქტუალურია და დღის წესრიგში დგას“, – აცხადებს ოხანაშვილი.
დეპუტატი პარტიის განვითარების მიზნით ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას.
,,ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური მდივანი, ძალიან საინტერესო ფუნქციებით არის აღჭურვილი. მას შეუძლია და აქვს ამის რესურსი, რომ პარტიული განვითარებისთვის იმუშაოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან წაადგება პარტიის განვითარებას“, – აცხადებს ოხანაშვილი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრაზე პარტიის ეფექტურობაზე და განვითარებაზე იყო მსჯელობა და სხვა საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში არ ყოფილა
გუნდში ცვლილებებს ადასტურებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა , ცვლილებები შეეხება როგორც პარტიულ სტრუქტურებს, ასევე აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას.
რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა დატოვოს, ზოიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მას ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ჩვენ გუნდში მის მიმართ არ არის პრეტენზიები, რომელიც ასეთ ჭორების გავრცელების საფუძველი იქნებოდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
