LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილის საუკეთესო ციტატები

9845
guram-dochanashvili

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდეს შემოქმედად ითვლება. მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.

მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ციტატას მისი შემოქმედებიდან:

  • „ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
  • – ყაყაჩო!
  • – არა, ჩქარა ჭკნება!
  • – ენძელა!
  • – ნაზია ძალზე…
  • – გეორგინი!
  • – გაფოფრილია…
  • – ვარდი?
  • – შაბლონურია…
  • – აბა რა?
  • – და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… ადამიანი ადამიანისთვის დღეა…“

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…“

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები, თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“.

წყარო: „სამოსელი პირველი“

  • „შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…“

წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

  • „- თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, — განმარტავდა გრიშა.
  • -ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი! ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
  • – მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი“.

წყარო: „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

ფოტო: აზროვნების აკადემია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g