„არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ის სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ 2025 წლის 24 ივნისს ცნო
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „პოლიტიკურად, ეს დედა „ნაცმოძრაობა“ და იქიდან ამოსული ეს პოლიტიკური ყლორტები, გვარამია იქნება, ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად არიან განულებულები“:
„მე არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ. რატომ იჯდა?! კომისიის წევრები აბსოლუტურად ყველა დაბარებულებს ვეუბნებოდით, რომ არსებობს კანონი, კონსტიტუცია და ყველა პასუხს აგებს, თუკი ის არ დაემორჩილება კანონს. ვინც დაემორჩილა და მოვიდა, ბუნებრივია, კანონს რეაგირება არ ჰქონია და ვინც არ დაემორჩილა შესაბამისი რეაგირება იყო. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ხალხი იხდის სასჯელს. პოლიტიკურად, ეს დედა „ნაცმოძრაობა” და იქიდან ამოსული ეს პოლიტიკური ყლორტები, გვარამია იქნება, ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად არიან განულებულები. მსოფლიო დღის წესრიგი უკვე შეიცვალა და ამ ხალხის, „ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების პრობლემა, ყველაფერთან ერთად, არის ის, რომ ყოველთვის დროს ჩამორჩებიან ხოლმე. ისინი საზოგადოების დაკვეთას და მსოფლიო დღის წესრიგს ყოველთვის არიან ჩამორჩენილები. ახლაც ასე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი ძალები დაიკავებენ ამ ადგილს და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
