22 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გურამ როგავა სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 საყვარელი სიმღერა გაუზიარა. როგორც გურამმა აღნიშნა, მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისთვის ერთგვარი ჰობია ახალი შემსრულებლების და ნამუშევრების აღმოჩენა.
– გურამ, გახსოვს შენი პირველი ეთერი „ფორტუნაში“?
– რა დამავიწყებს… თსუ-ში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ვნახე კედელზე გამოკრული განცხადება, რომ „ფორტუნა“ ეძებდა წამყვანებს. ჯგუფელები წავედით ტაქსით, ალბათ, 10 კაცი ვისხედით ერთ მანქანაში, მგონი, ბოლო დღე იყო და ძალიან ვჩქარობდით. „ფორტუნაში“ მე და ნოდარ მელაძე აგვარჩიეს. მე ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი, რადგან ზუგდიდში, ქალაქში სადაც დავიბადე და გავიზარდე, მეცხრე კლასიდან ვმუშაობდი ადგილობრივ რადიოში. სადღაც ორი დღე გაგრძელდა ჩემი მუსიკალური წამყვანის ამპლუაში ყოფნა, რადგან მითხრეს, რომ საინფორმაციოში ვიყავი საჭირო და შემდეგ გადავინაცვლე გვერდით ოთახში, საიდანაც საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა. რადიოს განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა აქვს, რადიოს სტუდიაში განსაკუთრებული ინტიმია, დღემდე, რადიოს მოსმენა ბევრად მირჩევნია, ტელევიზორის ყურებას. ჩემს მუსიკალურ გემოვნებაში ჯდება ზუსტად ის სიმღერები, რაც „ფორტუნას“ ეთერში ტრიალებს და სულ სხვა „ფლეილისტით“ ვაპირებდი მოსვლას ამ გადაცემაში, მაგრამ გადავწყვიტე ამჯერად „ფორტუნასთვის“ დამახასიათებელი ჰიტებისთვის არ მოგვესმინა.
ჩემთვის ამ სიმღერის ჰანგები ყველაზე მეტად ასოცირდება „ფორტუნასთან“, რაღაცნაირად პოზიტიურია. ეს არის მუსიკა, რომელიც დროს უძლებს, თუმცა შეიძლება ბევრისთვის უცნობიც იყოს. ეს არის სიმღერა, რომელიც შეიძლება დილით, გაღვიძებისთანავე ჩართო და მთელი დღე ძალიან კარგ ხასიათზე გაატარო.
– გავიგე, რომ თავადაც ძალიან კარგად მღერი,
– ვმღეროდი ოდესღაც… სხვათა შორის, დაახლოებით 2 კვირის წინ, ჩემმა დამ მომიტანა გიტარა, რომელიც არც მახსოვდა თუ მქონდა და მითხრა იქნებ გაიხსენო დაკვრაო. ისე მოხდა, რომ ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და მეც ვცდილობ გავიხსენო რაღაცები.
– რა ჟანრს ასრულებდი ძირითადად?
– ძირითადად ქართულ სიმღერებს ვუკრავდი ხოლმე, უფრო ფანოღურს.
– გახსოვს პირველი სიმღერა, რომელიც გიტარაზე დაუკარი?
– პირველ სიმღერაზე ძალიან ცუდი მოგონება მაქვს. ეტყობა, დასაკრავად ყველაზე მარტივი იყო და პირველი, რისი დაკვრაც ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა იყო „ასეთია ქურდი კაცის ბედი“. ჩემი ძმა დამცინოდა სად დადიხარ, ვისთან ემზადები, რა სიმღერებს გასწავლისო. სხვათა შორის, ბავშვობაში ანსამბლშიც ვმღეროდი და გასტროლებზეც დავდიოდი. დაუვიწყარი გასტროლი გვქონდა სირიაში, მაშინ ჯერ კიდევ მშვიდობა იყო. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით და მომწონდა ეს ყველაფერი. მუსიკა ძალიან მიყვარს, არ ვიცი როგორ აღვწერო, მუდმივად ვუსმენ.
– მუსიკას რომ სასწაული ენერგია აქვს, ეს ფაქტია…
– ვიღაცებს მედიკამენტები შველით, მე მუსიკა, არ ვაჭარბებ, შეიძლება სიცხე მქონდეს, საყვარელი მუსიკა ჩავრთო და კარგად გავხდე. რომ ვიღვიძებ, ეგრევე მუსიკას ვრთავ, როგორც კი სახლის კარს შევაღებ, მაშინვე მუსიკას ვრთავ…
რაც Spotify ამუშავდა, ახალი მიმართულებები და შემსრულებლები აღმოვაჩინე და ეს ძალიან მომეწონა, მანამდე ზუსტად „ფორტუნას“ „ფლეილისტი“ მქონდა.
– მგონი, დღევანდელი გადაცემის შემდეგ, ისევ უნდა იფიქრო რადიოწამყვანობაზე…
– სულ მენატრება რადიო და ახლა უფრო მეტად გამიმძაფრდა ეს გრძნობა, გამახსენდა ამ სტუდიაში გატარებული ძალიან ბევრი მაგარი წელი. „ფორტუნა“ ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინი იყო, რადგან მიბიძგა იქით, სადაც დღეს ვარ.
– როგორ შეადარებდი ტელევიზიას და რადიოს?
– ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი, ლექტორები სულ გვეკითხებოდნენ, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომავალშიო. არც ერთხელ არ მითქვამს ტელევიზია, სულ ვამბობდი, რომ რადიოში ვიმუშავებდი და ყველას უკვირდა, ყველა ჩემი ჯგუფელი ტელევიზიას ამბობდა. სხვათა შორის, როცა ტელევიზიაში პირველი სამსახური შემომთავაზეს, იმ პირობით წავედი, რომ რეპორტაჟებს გავაკეთებდი, ჩართვებზე არ დავდგებოდი და არ გამოვჩნდებოდი. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც წყალდიდობის დროს, იძულებით ჩამრთეს და მერე ესეც მომეწონა, მაგრამ რადიოს სულ სხვა ენერგეტიკა აქვს, ახლა, ამ სტუდიაში ყოფნისას, სრულიად ლაღი, თავისუფალი ვარ, მსიამოვნებს და მიხარია აქ ყოფნა, სტრესს ვერ ვგრძნობ, სატელევიზიო სტუდიაში ეს კომფორტი არ მაქვს. ყველა, ვინც კი რადიოში მუშაობდა, ამბობს, რომ რადიოს განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა აქვს.
ეს სიმღერა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რაღაცნაირი პოზიტიური განწყობა მოაქვს.
Catastrophe – ფრანგული კოლექტივია. ზოგადად, ჩემთვის იტალიური და ფრანგული ძალიან მუსიკალური ენებია და სულ მშურს იმ ადამიანების, ვისაც ამ ენებზე საუბარი და სიმღერა შეუძლიათ.
– დამწყები მომღერლის საღამოს დაესწრებოდი რომელიმე მყუდრო ადგილას თუ ცნობილი შემსრულებლის კონცერტს?
– სიმყუდროვე კარგია, მიყვარს ასეთი საღამოები და ხშირადაც დავდივარ, როცა ვახერხებ, თუმცა უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, სტადიონზე Coldplays კონცერტზე ყოფნაზე.
ცოტა მელანქოლიური ნამუშევარია. ცხოვრებაში ალბათ ყველას გვაქვს სინანულის მომენტები, როცა ვნანობთ, რატომ გადავდგი კონკრეტული ნაბიჯი, რატომ დავკარგეთ შანსი… ეს სიმღერა ჩემთვის შანსის ხელიდან გაშვების სინანულთან ასოცირდება.