LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანი-ბაკურციხის გზის მშენებლობა 30 თვეში დასრულდება

122

მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს.

38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე პროექტის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებასა და დაგებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა სწორედ სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზას დააკავშირებს.

„ეს არის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – სივრცით ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება. საგზაო მშენებლობის მხრივ გვაქვს კარგი დინამიკა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებაც ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ დიდი დინამიკით, გაგრძელდება და ჩვენ მიერ გამოცხადებული ყველა მაგისტრალი აუცილებლად დასრულდება 4 წელიწადში,“ – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს.

magti 5g