ორი წევრის მიერ „ძლიერი საქართველოს“ დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „გუშინ სუს-მა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე“.
„ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიციას“ – მერაბ ქურიძე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს
როგორც კუპრაძე აღნიშნავს, „ყველა არჩევნებზე „ოცნება“ და სუს-ი ახერხებს გარკვეული ადამიანების მოსყიდვას ან ჩანერგვას და გადაბირებას“, რითაც მისივე შეფასებით, „ბიძინას ამფსონები, სამწუხაროდ, აზიანებენ ქართულ პოლიტიკას და აბინძურებენ საარჩევნო გარემოს“.
„ეს უსუსური მცდელობა, დააზიანონ დემოკრატიული პროცესი, ჩვენ გვაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს, რათა დავასრულოთ „რუსული ხელისუფლება“. ბოლო თვეების განმავლობაში „ძლიერ საქართველოს’ ათასობით მხარდამჭერი შემოუერთდა. სუს-ის ერთეული აგენტები ამ პროცეს ვერ შეაჩერებენ. „ქართული ოცნება“, ხედავს ჩვენს რეალურ ძალას და სწორედ ამიტომაც აწყობს ამ უსუსურ დივერსიებს.
„ქართული ოცნების“ ქცევა ყველა საზღვარს ცდება – ადამიანების დაშინება, პირადი სივრცეების დარღვევა, ტყუილების გავრცელება ბინძური „კაგებეშნიკური“ სცენარებია, რომელიც მოსკოვში იწერება და კრემლიდანაა ორკესტრირებული
ვწუხვართ, რომ ეს „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა ისევ და ისევ მეორდება შეშინებული ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ დასრულდება 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი წავა სახლში, მოსკოვში“, – განაცხადა კუპრაძემ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.