LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინდელი პროტესტის უკან არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის უკან დგას რუსეთი: ფრიდონ ინჯია პოზნერის ჩამოსვლაზე

96
ფრიდონ ინჯია

“8-9 წლის განმავლობაში, ამ მთავრობამ შეძლო, არ ყოფილიყო ომი, შეძლო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა. ეს მათ არ აწყობდათ, აქედან გამომდინარე, ზუსტად მათ მოაწყვეს 2019 წელს, რომ საქართველო ეკონომიკურად დაზარალებულიყო, დღესაც, ახლა რაც მოხდა, ეს არის გაგრძელება 2008 წლის, 2019 წლის, რომ საქართველო ეკონომიკურად როგორმე დაინგრეს.” – “ევროპელი სპეციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ითხოვა დრო, შეეფასებინა თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენები.

პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს

ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ გუშინ ამაზრზენი ფაქტი მოხდა და თუ 2019 წელს იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე:

“გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი. ვინ არის პოზნერი – პოზნერი არის ამერიკის, საფრანგეთის, ისრაელის მოქალაქე და რუსეთის მოქალაქე. და მისი ჩამოსვლის ფონზე პროტესტი შედის იმ ჯგუფის ინტერესში, რომელსაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, საქართველოში, რომელთა უკან დგას რუსეთის გარკვეული წრეები.

მე არ მგონია, რომ ეს 87 წლის კაცი იყოს მონაწილე, მაგრამ იმ 50 კაცში, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს, კერძოდ, მე მაქვს მხედველობაში გავრილოვის ღამე. ის იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს, საიდან მოდის ეს? ეს მოდის 2003 წლიდან, მაშინ როდესაც როგორც კი მოვიდა “ნაციონალური მოძრაობა”, გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში, ბაზრობიდან და სამაჩაბლოში ქართული ლარი მოქმედებდა და ლარი იყო იქ მისაღები, ყველაფერი ეს გადაკეტა იმისთვის, რომ მიეღო ფინანსური მოგება, რა ფინანსური მოგებაც ჰქონდა ეს უკვე გამოჩნდა 2008 წელს. ის ომი რომელიც იყო 2008 წელს, რომელიც მზადდებოდა რუსეთის გარკვეული წრეების მიერ მიახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში და რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა რუსეთმა და რატომ ვამბობ ბრწყინვალედ – იმიტომ რომ მას ჰყავდა მხარდამჭერების ბაზა აქ ნაციონალური მოძრაობის სახით – ზუსტად ის ხალხი იყო, კორექტირებას უკეთებდა, სად და რომელი ადგილი დაებომბათ.” – თქვა ინჯიამ.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა გამოსავალი არ აქვს, არ სურს არჩევნები და უნდა მხოლოდ რევოლუცია:

“გამოჩნდა ის, რომ ჩვენმა მედიატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაფერი გაყალბებული არ ყოფილა და ახლა არის გზა, რომ ქვეყანა როგორმე დადგეს ფეხზე. ქვეყანა ახალი ვაჭრობის, ტურიზმის სეზონისთვის ემზადება, ეს კი არ აწყობთ მათ, არ სურთ არჩევნები და სურთ მხოლოდ რევოლუცია, რათა ქვეყანა ეკონომიკურად დაანგრიონ.” – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა და საღად მოაზროვნე საზოგადოება გამოიტანს დასკვნას, რომ ეს ერთი ჯაჭვია და დაწყებული 2003 წლიდან, ერთი და იგივე ადამიანები მოქმედებენ.

შეგახსენებთ, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს თბილისში, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა. მათი თქმით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.

გუშინ, გვიან ღამით საპროტესტო აქციები გაიმართა “ვინოტელთან”, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ, მოგვიანებით კი აქტივისტებმა სასტუმრო “რუმსთან” გადაინაცვლეს, სადაც ტელეწამყვანი ცხოვრობდა.

პოპულარულები