”მანჩესტერ სიტიმ” ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. ესპანელთან ხელშეკრულება სამ წელიწადზეა გათვლილი.
კლუბმა ბოლო კვირების განმავლობაში ყველა საკონტრაქტო საკითხი მოაგვარა.
”ამჟამინდელ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისა და ფეხბურთელებისადმი პატივისცემის გამო, კლუბს სურს გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს, რათა ამით უსარგებლო სპეკულაციებს ბოლო მოუღოს.
პელეგრინი ამ ინფორმაციის გასაჯაროების მომხრეა და მიმდინარე სეზონში დასახულ ამოცანებზეა ორიენტირებული. ის ინარჩუნებს პატივისცემას და მხარდაჭერას”, – ნათქვამია ”სიტის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გვარდიოლა მიუნხენის ”ბაიერნს” დატოვებდა. იგი გერმანულ გრანდს ორი წელი ედგა სათავეში და ორჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა.

