LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა „ბაბულადან“ „ეგონამდე“ – ლაურა რეხვიაშვილი გამოუყენებლ შანსებსა და აუხდენელ ოცნებებზე

92

„ვიზიტორის“სტუმარი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი იყო. საუბარი ფილმის „სიყვარული ყველას უნდა“ და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ, ასევე მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.

– ქალბატონო ლაურა, თქვენი წარსული, სანამ მსახიობი გახდებოდით, სოფელს უკავშირდება…
– დიახ, ასეა, სოფლელი ვარ. ჩემი ბავშვობაც, ყმაწვილქალობაც სოფელს უკავშირდება, რაც ძალიან მახარებს. ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, რადგან თუ საზოგადოებას, კოლეგებს ან წრეს რამე მოსწონთ, ეს ყველაფერი მომცა სოფელმა. მადლობა ამისთვის ღმერთს, ჩემს მშობლებს და გარემოს, სადაც უამრავი წელი გავატარე.

რომელი სოფელია?
– თელავის რაიონი, სოფელი რუისპირი.
თქვენი პირველი ყველაზე ცნობილი გმირი ეკრანზე იყო ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“.
– დიახ, მაშინ ვერც წარმომედგინა რამდენ ხანს დარჩებოდა ამ ფილმის კვალი, სიყვარული, ინტერესი საზოგადოების მეხსიერებაში. მე კი არა, თვით მის რეჟისორსაც არ ჰქონდათ ამისი წარმოდგენა, რომ დღემდე ასეთი მოთხოვნად და საყვარელ ფილმად დარჩებოდა. ეტაპობრივად იწერებოდა სცენარი და ეს იყო მაშინდელი ლაივი, რეალობა. თუმცა კომუნისტური წესების თანახმად, ფილმი გარკვეულ ქრონომეტრაჟში უნდა ჩატეულიყო, ამიტომ სამი სერიის მასალა არის გადაყრილი.

როგორ მოხვდით ამ ფილმში?
– დავამთავრე თუ არა თეატრალური, მიხეილ თუმანიშვილმა შემომთავაზა ასპირანტურის გავლა. მადლობის მეტი რა მეთქმოდა, დავრჩი თბილისში. გადაწყდა კინომსახიობთა თეატრის შექმნა, ასეც მოხდა. სწორედ იქ დავიწყე მოღვაწეობა, სადაც მოდიოდა ბევრი რეჟისორი, რომლებსაც აინტერესებდათ რა ხდებოდა ახლად გახსნილ თეატრში. ერთ-ერთი იყო გიორგი შენგელაიაც, რომელთანაც სულ ორი სიტყვა ვთქვი და მან მაშინვე როლზე დამამტკიცა.

რა იყო ფილმის შემდეგ?
– როგორც ჩანს, ზუსტად შევქმენი პერსონაჟი, რომელიც სცენარში იყო ჩაფიქრებული და ამის გამო უცებ გავხდი პოპულარული. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მცნობდნენ, ძალიან შეიყვარა მაყურებელმა და დღემდე ასეა. თვეში სამჯერ რომ არ გავიდეს ეთერში, არ არსებობს.

დღეს, როდესაც უყურებთ ამ ფილმს, როგორი ემოცია გაქვთ?
– ვერ წარმოვიდგენდი, რომ 25 წლის მანძილზე ეს ფილმი ისევ ასეთი აქტუალური და მოთხოვნადი იქნებოდა, ყველანაირი პირობა მქონდა, რომ სულ სხვა, გაცილებით წარმატებული ცხოვრება მქონოდა, მაგრამ დაიქცა ქვეყანა, დამემხო თავზე კინოც და თეატრიც და ეხლა სიბერეში „რაცხა ფარცქვალს“ აქვს ადგილი, მაგრამ რა ვქნა? მაინც მადლობელი ვარ.

როდესაც შვილი შემეძინა, გამოვუცხადე მიხეილ თუმანიშვილს, რომ ჩემს შვილთან ერთად სოფელში ვბრუნდებოდი, რათა ტყვიის მსხვერპლი არ გავმხდარიყავით. პურზე ჩასული ადამიანი ცოცხალი ავიდოდა თუ არა სახლში არავინ იცოდა. როგორ უნდა მეცხოვრა ამ პირობებში? ჩემს მეუღლეს შესთავაზეს ირანში ან გერმანიაში წასვლა, მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო: „ჩვენს მტერს ზუსტად ის უნდა, რომ აქაურობა დავტოვოთ. წავიდეთ სოფელში, ვიმუშავებთ და ლუკმა პურიც გვექნება“. ასეც მოვიქეცით და დავიწყეთ პურის გამოცხობა, რომელიც დაგვქონდა ბაზარში. ჩემი შვილი დაგვყებოდა და ყვიროდა: „დედას პური, იყიდეთ არტისტის პური“…

– ეს ის პერიოდია უკვე ცნობილი რომ ხართ?
– რა თქმა უნდა, მსოფლიო მქონდა მოვლილი და განსაკუთრებით კახეთში კარგად მიცნობდნენ.

არ გეთაკილებოდათ?
– ღმერთმა დამიფაროს ამისგან. მაგრამ მარტო პურს კი არ ვაცხობდი, ღორებს ვუვლიდი… ოთხ ღორს,  ასევე ორას ქათამს, ვენახს ვწამლიდი და მთელი სოფელი უყურებდა ამას. არაფერი სათაკილო არ გამიკეთებია, პირიქით, თანადგომა მქონდა ყველასგან ძალიან დიდი.

დღეს ჩემი მეუღლე კვლავ თელავშია, რაც ხელისუფლება შეიცვალა, დაკარგა სამსახური, კინოსტუდიის დირექტორი იყო. მან ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ააშენა და დააწყო იქაურობა და ამის გამოუშვეს.

შემოქმედებაში გქონდათ პაუზა…
– დიახ, ეს დრო იყო სოფელში წასვლიდან სანამ ჩემი შვილი, მათე სასკოლო არ გახდა, ანუ 6 წელი. მთელი ეს პერიოდი თურმე მეძებდა მიშა თუმანიშვილი, მეძებდნენ რეჟისორები, ეს მითხრა მეწაღემ, რომელსაც დენის ძრავი ჰქონდა და ჩემი მისამართით ტელე-მიმართვას მოუსმინა. მაგ პერიოდში მე ელექტროენერგია არ მქონდა, არც არავის არ ჰქონდა მთელს სოფელში. სამწუხაროდ, ბატონი მიხეილი ამის მერე მალევე გარდაიცვალა.

– „ჩემი ცოლის დაქალები“ – სერიალში, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თქვენ მეგრელ ქალს ასრულებთ, მაგრამ მეგრული არ იცით…
– დიახ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ეს მსახიობის ერთ-ერთი შემადგენლობის ნაწილია. არ ვიცი მეგრული, არ ვიცი თუშური კილოკავი და ხევსურული, მაგრამ დამჭირდა ფილმში „ზოგი ჭირი მარგებელია“ და აბსოლუტურად ზედმიწევნით ავითვისე. ასევე „ბაკულას ღორებში“ „ვისწავლე“ იმერული კილო… ჩვეულებრივი რამეა, ეს არის სმენის ამბავი და ამას ერთვის მსახიობის ნიჭიერება.

ასევე იმდენად მომხიბლა სახელმა – ეგონამ, რომ ბევრი რამე მან გამაკეთებინა.  ამ სახელმა მომარგო პერსონაჟს, მთელი ცხოვრება ლაურა ვიყავი და შემრჩა ეგონა.

–  თქვენთვის თეატრი უფრო მნიშვნელოვანია თუ სერიალი?
– ძალიან სხვადასხვაა ორივე, ასე გამიჯვნა არ შეიძლება. ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელიც არ დადის თეატრში და უყურებს ტელევიზორს, გაცილებით დიდი რაოდენობაა, ამიტომ გახდა ეს პერსონაჟი ასეთი პოპულარული. სერიალებზე გადავიდა სამყარო, სახელმწიფომ გამოგვიცხადა, რომ კინო ფუფუნებაა და ის რაც კეთდება, ეტყობა კიდეც, რა უსუსურია იმის გამო, რომ არ არის დაფინანსება.

დღეს ბედნიერი ხართ?
– რა თქმა უნდა, მე ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახში, ქმართან, შვილთან. არასოდეს არ მიწუწუნია და არც ახლა ვწუწუნებ, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ თეატრს სადადგმო ხარჯები შეუმცირეს, ხელფასები შეგვიმცირეს და ეს კარგს არაფერს გვიქადის არც მე და არც ჩემს კოლეგებს.

დასტინ ჰოფმანი… რა ვითარებაში შეხვდით მსახიობს?
– ლონდონში ვიყავით „სევილიელ დალაქზე“, სადაც ის მონაწილეობდა. ვისაც ჰოფმანი სცენაზე არ უნახავს, მის შესახებ ბევრი არაფერი სცოდნია. პრმეიერის შემდეგ საშუალება გვქონდა მას პირადად შევხვედროდით, ხელი ჩამომართვა, არაფერი უთქვამს და უცებ ჩამეხუტა, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამის მერე ხელი ჩამკიდა და გამოაცხადა, რომ ერთად მივდიოდით, მეც დავეთანხმე. შემდეგ მას შეახსენეს, რომ თეატრიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა და მიუხედვაად იმისა, რომ ძალიან გაბრაზდა, ბედს შეეგუა. მენეჯერმა მისი ნომერი მომცა და მითხრა, რომ დამერეკა.
გინანიათ რამე?
– კი, თუნდაც გამოუყენებელი შანსების გამო.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს…
– ჩემს სახლში ჩემს შვილთან ერთად. მათე ჩემი საუკეთესო შემფასებელია და ზუსტად იცის ყველაფრის შემჩნევა.

ვინ არის ცნობილი ადამიანი, რომელსაც პირადად გაიცნობდით?
– ასეთი ბევრია, მაგრამ ხშირად მიოცნებია, რომ ჰოლივუდში ცნობილი ფილმის კასტინგში მიმეღო მონაწილეობა. ერთხელ მაინც მქონოდა ამისი შანსი, მაგრამ სად ვიყავი? სად და სადაც არ იყო კინო.

წარმატებებს გისურვებთ.
 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები