LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გართულებული

45

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გართულებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ გასვიანის განცხადებით, დღეს, განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და  კახეთში. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100-მდე საყრდენი პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები აღჭურვილი სპეციალური ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილისის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის).

”შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს” – განაცხადა გასვიანმა.

magti 5g