კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენლები ეწვევიან ქ. კასპის ყველა სკოლას და პირველკლასელებს სწავლის დაწყებას მიულოცავენ. ვიზიტის ფარგლებში კომპანია ბავშვებისთვის ბრენდირებული სასკოლო ნივთების გადაცემას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” „ჰაიდელბერგცემენტიდან“ აცნობეს, კომპანია სამომავლოდაც აპირებს კასპსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი კონკურსების, ტრენინგების და საინფორმაციო პრეზენტაციების ჩატარებას. ასევე ქარხანაში მათთვის ექსკურსიების მოწყობას.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ბავშვების დაინტერესებას „ჰაიდელბერგცემენტის“ საქმიანობითა და იმ ტექნიკური დარგებით, რომლის სპეციალისტებიც მას სამომავლოდ დასჭირდება.
ცნობისთვის, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ ადრეც ჩადო ინვესტიციები ტექნიკურ განათლებაში, დაასპონსორა რა რუსთავის ტექნიკური უნივერსიტეტი და დააფინანსა 100-ზე მეტი სტუდენტის სწავლების საფასური.
„ჰაიდელბერგცემენტი“ აგრეგატების წარმოების ლიდერია გლობალურ ბაზარზე. კომპანია ასევე ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო აქტივობების მოწინავე მოთამაშეა, რაც მას სამშენებლო მასალების უმსხვილეს მწარმოებელს ხდის. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63 000 თანამშრომელია დასაქმებული. ადგილობრივ დონეზე კი „ჰაიდელბერგცემენტი“ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე. კომპანია 2006 წლიდან საქმიანობს საქართველოში და 700 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული დღემდე, რაც, ძირითადად, არსებული ქარხნების მოდერნიზაციასა და ბეტონის ბაზარზე გაფართოებას ემსახურებოდა. კომპანია ცემენტითა და ბეტონით ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს საქართველოში და დასაქმებული ჰყავს 1200-ზე მეტი ადამიანი.