დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც „თბილისიმარათონის“ საორგანიზაციო ჯგუფმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგი, წლევანდელი ბენეფიციარი და ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო დეტალები გააცნეს.
პრესკონფერენციას გერმანიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ კნირში, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, „თბილისიმარათონის“ სპორტული დირექტორი – ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და „თბილისიმარათონის“ პროექტის მენეჯერი ნიკოლოზ ჯინჯიხაძე ესწრებოდნენ.
რიგით მე-8 „თბილისიმარათონი“, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, 2019 წლის 29 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. „თბილისიმარათონის“ მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.
რეგისტრაციიდან შემოსულ და ტრადიციულად, “ჰაიდლებერგცემენტის” მიერ გაორმაგებულ თანხას კომპანია ამჯერად „ძეგვის თავშესაფრის“ შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.
„ძეგვის თავშესაფარი“, როგორც „მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლი“, 1995 წელს დაარსდა. 2010 წელს ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა თავშესაფრად იქცა და დღეს იქ 80-ზე მეტი ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ შორისაა უსახლკაროდ დარჩენილი, ასევე შეზღუდული ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული, მარტოხელა დედები და მათი შვილები. თავშესაფარი თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში მდებარეობს.
შეგახსენებთ, „თბილისიმარათონი“ 3 გარბენს ითვალისწინებს და მასზე რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tbilisimarathon.ge-ზე მიმდინარეობს.
წლევანდელი გარბენი მოიცავს:
ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი;
10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი;
ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ) – რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაცია გაგრძელდება 26 სექტემბრის ჩათვლით.
ცნობისთვის, „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.
მონაწილეთა შორის არიან: უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორი. საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელს 3000-მდე გაიზრდება მონაწილეთა რიცხვიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.