LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

hallo – პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს

261
Hallo
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია hallo იწყებს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, მობილური ოპერატორი აეროპორტის მგზავრებს კონკურენტუნარიან ფასებსა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს. hallo-ს სერვისით სარგებლობა 4 ნოემბრიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.

აეროპორტების გაერთიანებაში ასევე აღნიშნავენ, რომ hallo არის ახალი მობილური ოპერატორი კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მოფრენის დარბაზში, სხვა მობილურ ოპერატორებთან ერთად, მგზავრებს ტელეკომუნიკაციის სერვისს შესთავაზებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივის საშუალება ჰქონდეთ. ამასთან, კომპანიებს შორის კონკურენცია ზრდის მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს და არეგულირებს ფასებს. hallo-ს გამოჩენით, ჩვენი აეროპორტის მგზავრებს უკვე არსებულისგან განსხვავებულ და უშუალოდ ტურისტებზე მორგებულ და ხელსაყრელ პაკეტებს შევთავაზებთ, რადგან მსგავსი ტიპის ოპერატორი უფრო მოქნილია მოგზაურებისა და ტურისტებისთვის სეგმენტირებული პაკეტების შეთავაზების კუთხით. ობიექტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში „მაგთის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ გვერდით განთავსდება“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, ინგა ბაკურიძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, hallo მომსახურებას ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს. მსგავსი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის ვირტუალური მობილური ოპერატორები კონკრეტული მომხმარებლების სეგმენტაციით გამოირჩევა, რაც მათი პაკეტების შეთავაზებებშიც აისახება.

„საქართველოში მობილური კავშირის სამყაროში Hallo-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა მომხმარებლის არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და მათზე მორგებულ სეგმენტირებულ სერვისებს სთავაზობს“, – აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

წყარო: 1tv.ge

magti 5g