განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, იქონია თუ არა გავლენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.
“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არ აყალიბებს საკუთარ პოზიციას რომელიმე ამ ცალკეული საქმის მიმართ. რასაც ორივე შემთხვევაში ვითხოვთ ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ დავინახოთ სათანადო სამართლებრივი პროცესი. ამავდროულად, ეს ორი საქმე ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ძალისხმევა გაეძლიერებინა. ეს ასევე ასახულია ევროკომისიის პრიორიტეტებში.
რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, უკვე მრავალი თვეა განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რასაც ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, რომ მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა. იგივე პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული ნიკა გვარამიაზეც“,- აღნიშნავს ჰარცელი.
ჰარცელი: მაშინებს, რომ ვინც EU-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ეჭვის დათესვას ცდილობენ