უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს 10 წლის განმავლობაში, ჩეჩნეთის ლიდერი კი ამბობს, რომ “ამდენი დრო” არ აქვთ და “ყველაფერს რამდენიმე დღეში დაასრულებენ”.
რამზან კადიროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საპასუხო კომენტარი “ტელეგრამში” გამოაქვეყნა:
“აქ წავიკითხე, რომ ზელენსკიმ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, იბრძოლოს ათი წლის განმავლობაში. ჰეი სულელო, ვინ ხარ? რას ამბობ? ამდენი დრო არ გვაქვს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მე მგონი, შიზოფრენია გაქვს! წადი შენს უფროს ძმასთან – ბაიდენთან და ერთმანეთს მიესალმეთ”, – აცხადებს კადიროვი.
მედიასაშუალებების ვარაუდით, კადიროვი ამ მიმართვაში ბაიდენს შემდეგ კონტექსტში ახსენებს – გასულ კვირას ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი შეტრიალდა და ხელის ჩამოსართმევად მოემზადა, თუმცა გვერდით არავინ იყო.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ათი წელი ებრძოლოს რუსეთს, რათა დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, დააჩქაროს იარაღის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება დღეს ან ხვალ და არა ორი ან სამი თვის შემდეგ.