LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰესები და ცეცხლთან თამაში – რა ხდება და რა არ უნდა ხდებოდეს პანკისში

493
pankisidamwvarimanqanebi

„დღეს არავინ ვაპირებთ აქ მტყუანისა და მართლის ძებნას, ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა… თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, – ეს სიტყვები შს მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის. ეს განცხადება გახარიამ პანკისელებთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ გააკეთა.

პანკისის ხეობაში, ჰესების მშენებლობის გამო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს,  12 ადგილობრივი და 15 სპეცრაზმელი დაშავდა. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა. უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო რეპრესიული პოლიტიკის გატარებით ცეცხლს ეთამაშება.

საგანგაშოა, რომ მოქალაქეთა პირისპირ (პანკისშიც, თბილისშიც, ბათუმშიც და ყველგან!) მეორე მხარეს მდგარ ჩინოვნიკებს არ ესმით არც თავიანთი დანიშნულება, არც სახელმწიფოს არსი და არც ის, რა ცეცხლს ეთამაშებიან
კადრებს რომ გადაახვევთ, იქნება გაღიმებულზე უფრო კარგად დაინახოთ ამ ცეცხლის სილუეტი და დამნაშავეებად გამოცხადებამდე იმის/იმათი როლი მოიკითხოთ, ვინც ასე უგუნურად მართავს ამ პროცესებს და ამ ყველაფერში რთავს სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა რეპუტაცია, სიძლიერე, უსაფრთხოება და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობის ხელშეუვალობა უნდა იყოს უპირველესად სწორედ სახელმწიფოს საზრუნავი. სახელმწიფომ ეს უნდა გაკეთოს არა რეპრესიული პოლიტიკის გატარებით (ყველას დაგიჭერთ), არამედ საკუთარი მოქალაქეების აღიარებით და პატივისცემით, დაქირავებული მოსამსახურის გონივრული და პასუხისმგებლიანი მიდგომებით!” – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

 

აქციის მონაწილეები შეტაკების შედეგად დაშავებული სპეცრაზმელის დახმარებას ცდილობენ

 

ცეცხლთან თამაში განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როცა საქმე სპეციფიურ რეგიონთან გაქვს. პანკისის ხეობაში სიტუაციის პერმანენტული დაძაბულობა სამწუხარო რეალობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო.  ბოლო წლებია, სტერეოტიპი, რომ პანკისი ცხელი წერტილია, აქტუალობას თანდათან სულ უფრო კარგავს, თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელისუფლების მიმართ უნდობლობა გააჩინა. პირველად ამაზე პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ ალაპარაკდნენ. კიდევ ერთი, ამჯერად კიდევ უფრო ძლიერი ვნებათაღელვა ხეობაში ჰესის მშენებლობას მოჰყვა.

გია ნოდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეგიონის სენსიტიურობა ვერ გაითვალისწინა, ამასთან პოლიტოლოგი სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზეც აკეთებს აქცენტს.

„ნებისმიერ პრობლემას, რომელიც აქ იქნება, თუნდაც, ჰესების მშენებლობას, უფრო ფართე პოლიტიკურ კონტექსტში უნდა შევხედოთ. ხელისუფლება აბსოლუტურად დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოიქცა. მას აშკარად არ ჰქონდა ხედვა, გაგება იმ პრობლემებისა, რომელიც რეგიონთან არის დაკავშირებული.

ამასთან, ხელისუფლების ქცევა იყო ძალიან არათანმიმდევრული. თავიდან მან ძალიან ხისტი პოზიცია გამოავლინა, შემდეგ მინისტრმა პრაქტიკულად თქვა, რომ ჰესი არ აშენდება. მაშინ რა საჭირო იყო ასეთი ხისტი მიდგომა, ასეთ სენსიტიურ რეგიონში? ეს ყველაფერი მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობას ბადებს“, – განაცხადა გია ნოდიამ „ფორტუნასთან.“

 

რატომ მივიდა საქმე დაპირისპირებამდე

პანკისელების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. როგორც ორგანიზაციის იურისიტი ეთო გვრიტიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, დაპირისპირება კომუნიკაციის პრობლემამ გამოიწვია. მოსახლეობა უკვე ერთი წელია აპროტესტებს ჰესის მშნებელობას. თუმცა, კომუნიკაცია მოსახლეობასთან არც ინვესტორმა ისურვა თავის დროზე და არც შესაბამისმა სახელმწიფო სტუქტურებმა. მაგალითად, ეთო გვრიტიშვილი გვიყვება, რომ გარემოს დაცვის უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ ფორმალურად შეასრულეს კანონში გაწერილი ვალდებულება გასაუბრობოდნენ მოსახლეობას, ხოლო პრობლემურ კითხვებს არათუ ფაქტები ვერ დაუპირსპირეს, არამედ პასუხი არ გასცეს.

„ასეთ კითხვებზე პასუხი იყო – „ამაზე შევხვდეთ ექსპერტებთან ერთად.“ ეს შეხვედრა არასდროს შედგა და დარჩა დაპირებად,“- ამბობს ეთო გვრიტიშვილი.

ეთო გვრიტიშვილი გვიყვება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნაცვლად, მოსახლეობას საკითხზე სასაუბროდ ხვდებოდა მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები გამოირჩეოდნენ ამ მხრივ აქტიუროებით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა და ზრდიდა ადგილობრივების უკმაყოფილებას. შსს-ის აქტიურობაზე საუბრობს თავად ადგილობრივი მოსახლეობაც.

იურისტი გვიყვება, რომ ინვესტორი კომპანია კანონით ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის მიღებამდე შეხვდეს და საქმის კურსში ჩააყენოს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა, ინვესტორმა დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გაზეთში გამოაქვეყნა.

„პანკისის ხეობაში საგაზეთო ჯიხურიც კი არ არსებობს. შესაბამისად, მათ ჰესის მშენებლობის შესახებ გაიგეს მაშინ, როცა იქ ტექნიკა გამოჩნდა,“- განაცხადა ეთო გვრიტიშვილმა.

EMC-ის შეფასება, თუ რა ძირითად ხარვეზებს შეიცავს პანკისში ორივე ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის სანებართვო დოკუმენტაცია.

 

გვჭირდება თუ არ ჰიდროელექროსადგურები

არავინ დავობს იმაზე, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ფუნდამენტურად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვისათვის. საქართველო ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მცირე მარაგის გამო ენერგეტიკის ნაწილს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, იმპორტის მეშვეობით იღებს.

ამ ფონზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რამდენად საჭიროა საქართველოში ჰესების აშენება და რამდენად შესაძლებელია ჩაანაცვლოს ისინი ალტერნატიული ენერგიის წყაროებმა. ამ ეტაპზე ქვეყანაში განახლებადი ენერგორესურსებიდან ძირითადად ჰიდრორესურსებია ათვისებული.

 

 ლურჯი - აშენებული ჰესები, ცისფერი - მიმდინარე პროექტები, მწვანე - პოტენციური პროექტები
ფოტო – ნეტგაზეთი

 

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი განმარტავს, რომ ჰიდროელექტროსადგურები და ქარისა და მზის სადგურები ერთმანეთის ალტერნატივა არ არის, არამედ ერთმანეთს ავსებს.

„ერთიც რესურსია და მეორეც და ორივე განახლებადი რესურსია. რაც შეეხება ჩანაცვლებას, ქარის და მზის სადგურების მშენებლობას სჭირდება დაბალანსებისთვის ასევე ჰიდროსადგურების ქონა, იმისთვის, რომ როცა მზე არ არის, ღრუბელი ეფარება და თქვენ გინდათ დენი მოიხმაროთ, ჰიდროსადგურმა ჩაანაცვლოს. ან როგორ მოვიქცეთ, როცა ქარია, მაშინ ჩავრთოთ მხოლოდ ტელევიზორი?“ – ამბობს ენერგეტიკოსი “ფორტუნასთან”.

 

ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყნის და მოქალაქეების სასიკეთოდ, რა რესურსის ათვისებაც შესაძლებელია, უნდა ავითვისოთ.

„ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად, სტანდარტების  და ყველა მხარის ინტერესების დაცვით. გასათვალისწინებელია, რომ უამრავი ხავეზია როგორც მშენებლობაში, ასევე გარემოს დაცვით საკითხებში. ამის საუკეთესო მაგალითია შუახევჰესი, ყველაზე დიდი სადგური იყო, რომელიც აშენდა და ერთი თვე არ იყო გასული, უხარისხო მშენებლობის გამო გვირაბი ჩაინგრა. ხშირად საფრთხეებზე მოსახლეობა შეცდომაშიც არის შეყვანილი, მაგალითად, როცა რადიაციაზე საუბრობენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც ის მაგალითი, რაც შუახევჰესზე მოვიყვანე, ბადებს ეჭვებს, რომ სტანდარტები ხშირად დაცული არაა.
ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სამთავროვობო სტრუქტურებისგან და არა სპეცრაზმებით შესვლა“, – ამბობს ენერგეტიკოსი.

 

პანკისში ვითარების ამსახველი ფოტოები ეკუთვნის პანკისის სათემო რადიოს -RADIOWAY-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g