მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაზე კონტროლის გამკაცრებას, ევროპისგან იზოლაციას, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაღრმავებას.
ნინო ხარატიშვილი პარალელს ავლებს ისტორიულ მოვლენებთან, ოკუპაციასთან, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენებთან და აღნიშნავს, რომ მძიმე პირობებს გადარჩენილ საზოგადოებას ვეღარ დააშინებენ ახალი რეპრესიებით.
მისი თქმით, საზოგადოებას მძიმე გამოცდილება აქვს, რაც მას გამძლეობას და ბრძოლის უნარს აძლევს.
„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მარწუხები უფრო და უფრო მჭიდროდ მოუჭირონ საზოგადოებას და ქვეყანას: ევროპისგან სრული იზოლაცია, მთლიანად რუსულ ბაზარზე გადასვლა, დემოკრატიული სტრუქტურების გამიზნული მოსპობა, ეკონომიური კრიზისის საშიშროებაც კი „იარაღად” მიაჩნიათ საკუთარ ხელთ: ჰგონიათ, რომ ბოიკოტი ვერ გაგრძელდება მარად, რომ ყველა ვერ დაკარგავს სამსახურს და ხალხს მოუწევს შეგუება და უკან დახევა. რომ ადამიანებს მოენატრებათ „ნორმალური” ცხოვრება… და აი ზუსტად ეს მათი შეცდომა მგონია ნამდვილ “იარაღად”, რომელიც ოღონდ ჩვენს ხელთაა:
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელი ნაცისტები შეიჭრნენ უკრაინაში, ეგონათ, რომ წამში დაიმორჩილებდნენ მოსახლეობას, შიშით და ტერორით დაამყარებდნენ მათთვის სასურველ წესრიგს და ვერ გაითვალისწინეს, რომ იქამდე 19 წლიანმა საბჭოთა წყობამ და ტერორმა ხალხი ისე გამოწვრთნა, რომ ნაცისტები მათთვის „ნედლი სიო” აღმოჩნდნენ, იქამდე მძვინვარე საბჭოთა „ქარბუქის” ფონზე. ვეღარანაირი სისასტიკე და მეთოდი ვეღარ გააკვირვებდა მათ: 19 წლის მანძილზე ეს ხომ ამ ადამიანების „ნორმალური” ყოფა იყო.
საქართველოს უკანასკნელი 30 წლის არც 1 დღე არ ყოფილა „ნორმალური.”
და ამიტომ ისინი რის იმედზეც არიან, რომ ხალხს „ნორმალური ყოფა” მოენატრება, აქვე განვმარტავ, რომ ის არ არსებობს! და ზუსტად მისი არსებობისთვის ვიბრძვით ახლა!
რასაც ისინი „ნორმად” გვასაღებენ – სხვა არაფერია ვიდრე: კლდის წვერზე სიარული, ბაგირზე ცეკვა…
რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია, ტურბოკაპიტალიზმი და ნეპოტიზმია და ვინც ამას ვერ კადრულობს: უკიდეგანო გაჭირვება.
რასაც მშვიდობად გვასაღებენ: ან ანარქია, ან სამოქალაქო, ან რუსეთთან ომი, ან კრიმინალების მმართველობა, ან მავთულხლართები და ოკუპაციაა.
რასაც სამართლად ყიდიან: ელიტების ფარფაშია და რიგითი მოქალაქის ყველა უფლებების ყოველდღიური დარღვევა.
და უკრაინელების და ფაშისტების არ იყოს: ყველაფერგამოვლილ და ნანახ ხალხს, რომელსაც ზუსტადაც, რომ ნორმალური და ღირსეული ყოფა სურს: ვეღარ ჩაუდებ კანფეტს პირში და ვეღარ დააშინებ სისასტიკის ახალი ფორმებით: იმიტომ, რომ ის სისასტიკე ვერანაირად ვერაა ახალი: უბრალოდ ძველის გამეორებაა.
და ეს ტრაგიკული „იარაღი” სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს ხელთაა: ხალხის, რომელმაც სიბნელე, შიმშილი, სიცივე, დევნა, ანარქია, ძალადობა და ომები გამოიარა. ჩვენ შეიძლება ტრავმები გაგვიღვიძონ, მაგრამ ტრავმაგადატანილ ადამიანებს დიდი გამძლეობაც უვითარდებათ, რასაც ფსიქოლოგები „რეზილიენსს” ეძახიან.
ამას უნდა დავეყრდნოთ ახლა. ამას უნდა ჩავეჭიდოთ: პერიოდულად შემოჩენილ ნიჰილიზმთან გასამკლავებლად.
ჩვენ გადავრჩით მაშინ. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაბადია ამისთვის საჭირო უნარები, რომლებიც შეგვიძლია გავუზიაროთ სხვასაც და დავიცვათ კიდეც ისინი, ვისაც არ მოსწევია ამ ყველაფრის გამოვლა. ყველა ჯოჯოხეთს, თუ რაღა თქმა უნდა მას გადაურჩი: აქვს ის „პლუსი” რომ იცი, რომ ისიც კი არაა საბოლოო და იქაურ კუპრსაც შეიძლება დააღწიო თავი.
ამ ბოლო თვეების მანძილზე ყველა 90იანის ტრავმა გაცოცხლდა და კიდევ ბევრი გაცოცხლდება. მაგრამ ამან არ უნდა გაგვიკეთოს პარალიზება: ჩვენ გავუძელით მაშინ და გავუძლებთ ახლაც. და ამ „ტკბილ მოგონებებს” როცა გადავხედავთ, კიდე 1 საიმედო ამბავიც ამოგვიტივტივდება: ყველა იმ ეპოქის შემქმნელი, ყველა იმ ძალადობის ავტორი, ყველა ის კრიმინალი და უღირს ყოფაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსი თუ მაფიოზი ახლა სადაა?
კი ბატონო…
ხო ადრე თუ გვიან ამათაც იგივე ბედი ელით…“ – წერს მწერალი, ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.