LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხარატიშვილი: „ჩემი რომანისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი.. იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს.. უფლება არ გვაქვს, გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა!“

230
ნინო ხარატიშვილი

მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, იხსენებს, თუ როგორ ქმნიდა რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, რომლის გამოც მას 4 წლის განმავლობაში რუსეთში ყოფნა მოუწია.

როგორც ნინო ხარატიშვილი წერს, „ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა“.

ნინო ხარატიშვილი: „ალა“ რუსულ კანონს არა – ა რ ა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა!“

„წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…

10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ, სამწუხაროდ, დღემდე მოსკოვში ინახება…

იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები, როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით, რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე, მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.

წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21 საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომელთა წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!

ეს წიგნი, ამ ბოლო 10 წელიწადში, ჩემდა საბედნიეროდ, ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე: „როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: „აუცილებლად!”

როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს „სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!

და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!

ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება, წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, „საზეპიროებისა“ და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ!

ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია, ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის – საკუთარი ხელით დაწერას!

მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!“ – წერს ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.

წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად… 10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი…

Posted by Ninia Haratischwili on სამშაბათი, 30 აპრილი, 2024

ნინო ხარატიშვილი: „2 ქალიშვილი მყავს… არ მსურს, მათი მომავალი თქვენნაირი რეგრესული, მიზოგინური, ფულზე დახურდავებული ოპორტუნისტების ხელში განვათავსო! – შეწყვიტეთ ქალების და უმცირესობების ინსტუმენტალიზაცია!“