დღეს სტარტაპ „ჰიკარის“ დამფუძნებელი მარიამი ჩხაიძე უნდა გაგაცნოთ, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომლის ხელებმაც ბამბუკის უხეში ზედაპირი მორჩილ მასალად და სინათლედ აქციეს… თითოეული მისი სანათი მოთმინებისა და ბუნებასთან დიალოგის შედეგია. ბამბუკის ყოველი ღერო, რომელსაც მარიამი ეხება, ფორმასთან ერთად, ხასიათს იძენს და გვიყვება ამბავს, როგორ შეიძლება მძიმე შრომამ სილამაზე დაბადოს…
– პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ვარ. შემოქმედებითი პროცესებიდან ჩემთვის მთავარი წერაა, დანარჩენი კი, რასაც ვაკეთებ, თავგადასავლებია, რომლებიც ჩემს გამოცდილებას ზრდის. მაქვს ბევრი ჰობი და ყველა მათგანი ადამიანის ბუნების სიღრმის შესწავლას უკავშირდება. მყავს ორი შვილი, რომლებსაც ჩემი ინტერესების განვითარებაში უმთავრესი როლი აქვთ, რადგან მეხმარებიან ვკონცენტრირდე იმ რეალობაზე, რომელშიც ფიზიკურად ვარ.

– როდის და რატომ გაგიჩნდათ ბამბუკის სანათების მასალად ქცევის სურვილი?
– ხეზე მუშაობის გადაწყვეტილება მაინც გენეტიკური მგონია. მამაჩემი ბამბუკისგან თმის სამაგრებს აკეთებდა. სწორედ მისი ფარდული ვაქციე საკუთარ სახელოსნოდ, სადაც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი იმ ლაქის ნაკვალევი, რომლითაც მამა თმის სამაგრებს ღებავდა. ხის ხელოსანი იყო ბაბუაჩემიც (დედაჩემის მამა), აფხაზეთში სახლი თურმე საკუთარი ხელით აუშენებია.
ბამბუკზე მუშაობა 2020 წელს დავიწყე, მაგრამ სანათი მხოლოდ 2024 წელს დავასრულე, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მარტივ რაღაცებს ურთულესი გზებით ვაკეთებდი. ის, რასაც ახლა ნახევარი საათი სჭირდება, სამი დღე ვანდომებდი, რადგან არც ცოდნა მქონდა და არც ის ვიცოდი ზუსტად, რა ინსტრუმენტი მჭირდებოდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

– როგორც ვიცი, ბამბუკი არცთუ მარტივად დასამუშავებელი მასალაა. მუშაობის პროცესზე მოგვიყევით.
– თავდაპირველად იმ ჯიშის ბამბუკებს ვყიდულობ, რომლებიც სამუშაოდ ყველაზე კომფორტული მომეჩვენა. ბამბუკი, უმჯობესია, სამი წლის მაინც იყოს, რადგან ნედლი შრობის დროს მარტივად იბზარება (ჯერჯერობით მიჭირს გარჩევა, ბამბუკი ახალია, თუ ხანდაზმული. ნელ-ნელა ვაჩვევ თვალს). მსუბუქად გაშრობის შემდეგ, ვჭრი, ვუკეთებ სასურველ ფორმებს, ვაცლი კანს და ვაზუმფარებ. ჩემი საყვარელი მონაკვეთია, როცა ყველა დეტალის ხელით გაპრიალებას ვიწყებ. სულ ბოლოს კი სხვადასხვა მცენარესთან ერთად ვხარშავ ეზოში, უზარმაზარ ქვაბში. რაც შეეხება ნაკეთობის სანათად ქცევის პროცესს, ელექტრიკოსი მეხმარება და თან მასწავლის. ამჟამად მარტო ვმუშაობ, თუმცა რამდენიმე ადამიანმა სწავლის სანაცვლოდ დახმარება შემომთავაზა და ძალიან მომეწონა ეს იდეა.

– რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?
– ჰიკარი იაპონური სიტყვაა და სინათლეს ნიშნავს. ჩემმა მეგობარმა გიორგი ქავთარაძემ მოიფიქრა. მან რამდენიმე სხვადასხვა ვერსია შემომთავაზა და მათგან სწორედ ეს ავირჩიე.
– მსუნაგ ადამიანებს თქვენი სანათების დიზაინი შვეიცარიულ ყველს გვაგონებს, მათი აციმციმების შემდეგ კი თითქოს ზღაპარში ვხვდებით…
– დიდი მადლობა. ეს არის ყველაზე მარტივი დიზაინი, რისი შესაძლებლობაც ბამბუკს აქვს. ხელს რომ გავავარჯიშებ და ცოდნას გავაორმაგებ, ირმებით და მელიებით სავსე ჩრდილების კვეთაზე გადავალ. ამ ეტაპზე სანათები მხოლოდ ორ ფერში იყიდება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მცენარეებით ვღებავ. მინდა ბუნებრივი ქვის პიგმენტიც შემოვიტანო, რომელიც უსაფრთხოა, მას სათამაშოებისთვისაც იყენებენ. ალბათ, გამოწერა მომიწევს.

– ორიგინალურია სანათების შესაფუთი მასალაც. რატომ სქელი ნაჭერი და არა ყუთი?
– სანათის ჩასადები მინდოდა, უხეში ტომარა ყოფილიყო – რომ ჩააგდებ, თოკს ამოქაჩავ და მორჩა. შემიკერავს ბრეზენტის ნაჭრითაც, გობელენითაც. ფერს სულ ვცვლი, მაგრამ დიზაინს არა. ჩასადებებს სოფელ შრომაში მცხოვრები გოგო მიკერავს, რომელიც ასევე ულამაზეს სადედოფლო კაბებს კერავს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ერთ-ერთი ჩემი შვილის კლასელია. საკუთარი საქმიანობებით მხარს ვუჭერთ ერთმანეთს.

– შეკვეთებს თუ იღებთ და ფასის თვალსაზრისით, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სანათები?
– შეკვეთები სულ მაქვს, ახლაც 6 ცალი სანათი უნდა დავამზადო, მათ შორის არასტანდარტული ზომისაც. საახალწლოდ მინდა, რომ ბევრი შეკვეთა მქონდეს, რადგან მანქანის ყიდვა მსურს – ჩვენს სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ამიტომ ან ფეხით დავდივართ ან ავტოსტოპით. რაც შეეხება ფასს, მიუხედავად იმისა, რომ სანათის თვითღირებულება არც ისე დაბალია, ვფიქრობ, მაინც ხელმისაწვდომია.
– რა გჭირდებათ თქვენი სტარტაპის განსავითარებლად?
– რამდენიმე ინსტრუმენტს დავიმატებდი. ჯერ ვერ ვიპოვე ჩემთვის მოსახერხებელი დანა, ამიტომაც ხელის ხერხით ვმუშაობ. ასევე, სახელოსნოში იატაკი მაქვს მოსაწესრიგებელი – ეს დეტალი მას უკვე პატარა შოურუმად აქცევს, სადაც ხანდახან ვორქშოპების ჩატარებას შევძლებ.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობის მომავალი?
– მინდა, რომ „ჰიკარის“ სანათები ყველასთვის ძვირფასი საჩუქარი იყოს. მინდა, რომ „ჰიკარი“ ყველა სოციალური ფენისთვის მიმზიდველი ბრენდი გახდეს.
– რა შეგძინათ, რა აღმოგაჩენინათ ამ საქმიანობამ?
– ამ საქმიანობამ აღმომაჩენინა მოძრაობის კანონზომიერება, ძალისხმევის სინამდვილე და დიდი ჩხირკედელაობის შემდეგ რაღაც რომ გამოგივა, ამის სიხარული…
