ჰიუ ჯეკმანი პაპარაცების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამიზნეა. ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა მათ მიმართ აგრესიული, მისი ფოტოები კი გამოცემებისთვის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა. ცოტა ხნის წინ, მსახიობი ელენ დეჯენერისის შოუს სტუმრობდა, სადაც სახალისო ისტორია გაიხსენა:
ვარსკვლავმა მშობლიურ ავსტრალიაში დასვენება გადაწყვიტა, ხოლო იმისთვის, რომ სანაპიროზე დრო სურვილისამებრ ეტარებინა, ფოტოგრაფებს წინასწარ აცნობა, რომ სიდნეიში გამგზავრებას გეგმავდა. დათქმულ დროს ვარსკვლავი ცნობილ ბონდაი ბიჩზე გამოჩნდა, სადაც მას პაპარაცები ელოდებოდნენ. მან იბანავა წყალში, ირბინა ქვიშაში, მიიღო მზის აბაზანები, ამის პარალელურად კი ფოტოგრაფებს სასურველი კადრების გადაღების საშუალება მისცა. რამდენიმე საათის შემდეგ მისივე დაგეგმილი ფოტოსესია დასრულდა და ჯეკმანმა დამსახურებული შვებულება ოჯახთან ერთად განმარტოებით გაატარა.