Honda-მ ელექტრომობილებისთვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც ავტომობილს მოძრაობის დროს, გზიდან უსადენოდ დამუხტვის საშუალებას მისცემს. იაპონური კომპანია ამ სისტემის რეალურ გზებზე გამოცდას 2027 წლიდან გეგმავს.
ტექნოლოგია ე.წ. დინამიკური უსადენო ენერგიის გადაცემას (DWPT) ეფუძნება. გზის საფარის ქვეშ სპეციალური ელექტროგადამცემი მოდულები განთავსდება, ავტომობილზე კი შესაბამისი მიმღები მოწყობილობა დამონტაჟდება. შედეგად, ელექტროენერგია ავტომობილს მისი მოძრაობის დროს გადაეცემა და მანქანის გაჩერება დამუხტვისთვის აღარ იქნება აუცილებელი.
Honda ამ სისტემას Taisei Corporation-თან და Taisei Rotec-თან ერთად ავითარებს. კომპანიებმა უკვე შექმნეს სისტემის საბაზისო ტექნოლოგია და საცდელ გზაზე მისი მუშაობა და ინფრასტრუქტურის გამძლეობა შეამოწმეს. შემდეგი ეტაპი კი საჯარო გზებზე რეალური ავტომობილებით ტესტირება იქნება.
განსაკუთრებით საინტერესოა სისტემის სიმძლავრე. Honda ერთი მიწისქვეშა დასამუხტი მოდულიდან 150 კვტ-მდე პიკური სიმძლავრის გადაცემას ფიქრობს. კომპანია ვარაუდობს, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ მსუბუქ ელექტრომობილებზე, არამედ დიდი კომერციული ავტომობილებისა და სატვირთოებისთვისაც იქნება გამოსადეგი.
Honda-ს ინფორმაციით, ავტომობილზე დამონტაჟებული მიმღები მოდული ისეა დაპროექტებული, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტზე იყოს შესაძლებელი. მსუბუქ ავტომობილში ერთი მოდულის გამოყენებაა გათვალისწინებული, ხოლო დიდი კომერციული ავტომობილებისთვის შესაძლებელია ოთხამდე მოდულის პარალელურად დაყენება. ამ შემთხვევაში ტექნოლოგია 40 ტონამდე კლასის სატრანსპორტო საშუალებისთვისაც განიხილება.
ახალი სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ელექტრო სატვირთოებისთვის. მძიმე კომერციული ავტომობილების ელექტრიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დიდი ბატარეის საჭიროება და დამუხტვისთვის დაკარგული დროა. გზაზე მოძრაობისას ენერგიის მიღება კი კომპანიას საშუალებას მისცემს, სატვირთოები ხანგრძლივი გაჩერებების გარეშე ამუშაონ. სწორედ ამიტომ Honda პირველ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენებას ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში გეგმავს.
სისტემის კიდევ ერთი თავისებურება გზის ინფრასტრუქტურაა. Honda-მ მიწისქვეშა გადამცემი მოდულებისა და ინვერტორის გაერთიანებული კონსტრუქცია შეიმუშავა, რაც, კომპანიის შეფასებით, გზის გაყვანისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების გამარტივებასა და ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მიმღები მოდულის ზომა მნიშვნელოვნად შეამცირა და მის დასამზადებლად სპეციალური ბრტყელი სპილენძის გამტარი გამოიყენა.