დასაქმების მხრივ იანვრის თვე საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. ამის შესახებ „ბიზნესკურიერთან“ Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.
როგორც მან იანვრის თვის შეჯამებისას განაცხადა, ვაკანსიების რაოდენობა ჯამურად 2800 იყო, რაც წინა თვეებთან, ნეომბერთან და დეკემბერთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორეკა სექტორის გარდა ვაკანსიების მატება ყველა სფეროში აღნიშნება.
„დღესდღეობით პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია, ვაკანსიების უდიდესი ნაწილი მოდის სწორედ ამ კატეგორიაზე, დაახალოებით 19%-ს წარმოადგენს გაყიდვები, 17,5%-ს მოიცავს ფინანსები და საბანკო სექტორი, 11%-სამედიცინო სექტორი და 8% კლიენტთა მომსახურება.”-განაცხადა შახბაზიანმა.
ინგა შახბაზიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან სავაჭრო ობიექტები ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა, კონსულტანტების მიმართულებით ვაკანსიების მატება არ შეინიშნება, რადგან დამსაქმებლები დახურვის შემთხვევაში, ძირითადად, მაინც ინარჩუნებენ ხოლმე კადრებს, შესაბამისად ვაკანსიებსაც ნაკლებად აცხადებენ.
„დღეიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, მაგრამ ვაკანსიები მათ არ გამოუცხადებიათ, მათ ჰყავთ ძველი სტაფი, რომელიც დაუბრუნდა საქმიანობას“-აღნიშნა შახბაზიანმა.
Hr.ge-ს წარმომადგენელი ურჩევს სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის მათ, ვინც ჰორეკა სექტორში იყო დასაქმებული, სანამ ჰორეკა სექტორი დაუბრუნდება მუშაობის აქტიურ რეჟიმს დროებით მაინც ძალები გაყიდვების მიმართულებით მოსინჯონ.