თბილისში ყავისა და ჩაის მოყვარულთათვის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 2 დღეს გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. ფესტივალის ორგანიზატორი კი სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტია”.
როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება 2016 წლის 1 და 2 ოქტომბერს (შაბათი და კვირა) 12:00-დან 19:00-მდე გაიმართება.
”გავითვალისწინეთ მომხმარებლის მაღალი ინტერესი ამ პროდუქტების მიმართ და ყავის და ჩაის რიგით მეორე ფესტივალს ვატარებთ. ისევე როგორც წინა წელს, ღონისძიებაში მონაწილეობას წელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული, ყავისა და ჩაის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ”, – განაცხადეს ”ჰოუმმარტში”.
მათივე ცნობით, ფესტივალზე 20-ამდე კომპანიას ელიან, მათ შორის როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბრენდებს. მონაწილეები საკუთარი პროდუქციის წარმოსაჩენად გამოფენა-გაყიდვის ფორმატით ისარგებლებენ, ასევე მოაწყობენ სადეგუსტაციო დახლებს.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „The Five”.მობრძანებულ სტუმრებს უმასპინძლებენ პერსონაჟები ფილმიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს სამახსოვრო ვიდეოებს Gif.me-სთან ერთად, ბრენდ ბანერთან ფოტოგადაღებას და სხვა მრავალ საინტერესო დეტალს.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი ჰოუმმარტი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ.N37ლ -ში (ვაკის ეკლესიის გვერდით, სმარტის მეორე სართულზე).