LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HSC Group Hospitality – მაქსიმალურად მეტი ევროპელი ტურისტი უნდა მივიღოთ საქართველოში

605
გიორგი დოლიძე

ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ხშირდება საუბრები მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. იმის შესახებ, როგორია ვითარება სექტორში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ტურისტების შემოსვლის მაჩვენებლებზე, „ბიზნესნიუსს“ საკუთარ პოზიციას კომპანია HSC Group Hospitality უზიარებს.

ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality, 2016 წლიდან, სასტუმრო ბიზნესს პროფესიონალურ საკონსულტაციო და მენეჯმენტ მომსახურებას უწევს.

გიორგი დოლიძე, ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანიის HSC Group Hospitality დამფუძნებელი:

– კომპანიის დაფუძნებამდე, თანამოაზრეებთან ერთად, სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და სასტუმროს საქმიანობაში ვიყავი ჩართული. ჩვენ მაშინ ტურისტული კომპანიიდან სასტუმროების სადაჯავშნო მოდული დავნერგეთ და მის გამოსაყენებლად ვატრენინგებდით მცირე და საშუალო სასტუმროების როგორც თანამშრომლებს, ასევე მეპატრონეებს. თავდაპირველად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა აგვეხსნა, რისთვის იყო ეს მოდული საჭირო, როგორ უნდა მომსახურებოდნენ სტუმარს, საიდან უნდა მიეღოთ რეზერვაციები, რა საფასო პოლიტიკა წარემართათ და ა.შ. სწორედ მაშინ გაჩნდა ისეთი კომპანიის დაფუძნების იდეა, რომელიც მცირე და საშუალო ტიპის ობიექტებს საკონსულტაციო სერვისს გაუწევდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენც გავიზარდეთ, დავინახეთ, რომ უკვე შეგვეძლო გადავრთულიყავით მაღალი კლასის ობიექტებზე და საერთაშორისო ბრენდებსაც შევხებოდით. გამომდინარე იქიდან, რომ შვეიცარია მსოფლიოში ნომერ პირველი მიმართულებაა ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის კუთხით, გადავწყვიტეთ პარტნიორი სწორედ ამ ქვეყნიდან გვეპოვა. ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, როდესაც ერთ-ერთმა ძლიერმა კომპანიამ შვეიცარიიდან ჩვენთან თანამშრომლობის და მემორანდუმის გაფორმების ინტერესი გამოხატა. მეტსაც გეტყვით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმდენად მოიხიბლა ჩვენი ქვეყნის კულტურითა და ტურიზმის განვითარების პოტენციალით, რომ დღეს საქართველოში ცხოვრობს. ამ ადამიანმა აქ ჩამოსვლით მოგვცა მოტივაცია, დიდ პროექტებს შევჭიდებოდით და ლოკალური გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბის გამოცდილებასთან გაგვეერთიანებინა. შესაბამისად, უკვე 3 წელია, რაც შვეიცარიულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და ვოპერირებთ საქართველოში როგორც საერთაშორისო ბრენდებთან, ასევე ლოკალურ ობიექტებთან.

– სერვისის გაუმჯობესების ნაწილში, რა იყო მთავარი, რამაც თქვენ მიმართ სასტუმროების ნდობა განაპირობა და თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელია დღეს არსებული პარტნიორების რაოდენობა?

– ალბათ, ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელი იტყვის, რომ რაც უნდა მაღალი იყოს რიცხვი, ის არ არის დამაკმაყოფილებელი და როდესაც რომელიმე კონკრეტულით დაკმაყოფილდები, ვერასდროს მიაღწევ სასურველ მწვერვალებს. ამ დროისთვის პროექტები განგვიხორციელებია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სვანეთის, აჭარის, გურიის მიმართულებით და თბილისში თავისთავად. ჩვენი მთავარი მიზანი არის დავდოთ მაღალი ხარისხი, თუმცა ეს დიდ დროსაც მოითხოვს, რადგან ეს ბიზნესი აერთიანებს გადაადგილებებს, სამშენებლო და არქიტექტურულ ჯგუფებთან მუშაობას, შესყიდვების კუთხით მუშაობას, დიზაინის კუთხით მუშაობას, მეპატრონეებთან კონცეფციის ჩამოყალიბებას.

საქართველოში საკონსულტაციო მიმართულების კულტურა ჯერჯერობით მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული არ არის, რადგან თავიდან ეს სერვისი ყველას აბსტრაქტული ჰგონია იქიდან გამომდინარე, რომ მასში გადახდილი თანხა პროდუქტივით ხელშესახები არ არის. ჩვენი მომსახურება ეფექტებსა და შედეგებში მხოლოდ ერთი-ორი წლის შემდეგ აისახება. მას შემდეგ, რაც ჩვენი პროექტებით მესაკუთრეებმა შედეგი თვალნათლივ დაინახეს, საკუთარ წრეში ჩვენთვის რეკომენდაციის გაწევა დაიწყეს. და ზუსტად ეს არის ჩვენთვის დიდი მონაპოვარი – ადამიანს ისე მოვემსახუროთ, ისე გავუმარტივოთ მისი სასტუმროს ოპერირება, რომ ეს ჩვენი სამომავლო პროექტების წარმატების საწინდარი გახდეს და არ დაგვჭირდეს მარკეტინგში სახსრების ჩადება.

– იქიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირის ღირსეული წევრობა სურს, ევროკავშირთან დაახლოება კი მთელი რიგი საკითხების მოგვარება-გაუმჯობესებას გვავალდებულებს, მათ შორის ტურისტულ სექტორში შესაბამისი დონის სერვისის და მომსახურების შეთავაზებას, სწორედ ამ თვალსაზრისით მინდა გკითხოთ, რა რჩება თქვენთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად?

– თუ აქამდე ტურისტები ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან გვსტუმრობდნენ, ახლა გვემატებიან ჩინელები და ინდოეთიდანაც შეინიშნება ფრენების დამატების პოტენციალი, ეს ყველაფერი მაინც ვერ ჩაგვინაცვლებს ევროპელ ტურისტს. თითოეულმა ტურისტულმა კომპანიამ და ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად მეტი ევროპელი ტურისტი მივიღოთ საქართველოში, რაც უფრო მეტი ევროპელი შეხვდება აქ ერთმანეთს, უფრო მეტად დაიჯერებენ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.

მთავარი გამოწვევა ევროპელი ტურისტების კუთხით არის სერვისი და მომსახურება. მოგეხსენებათ, მათ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და დროში გაწერა უყვართ და თუ შენ წინა დღეს მას რამე შეუცვალე და ისე ვერ გაუკეთე, როგორც ჰქონდათ გადაწყვეტილი, ეს იწვევს უკმაყოფილებას და შემდეგ უარყოფითი დამოკიდებულება ვრცელდება საახლობლოში და სხვადასხვა წრეში. შესაბამისად, ტურისტულმა კომპანიებმა, გიდებმა და სატრანსპორტო სერვისების შემთავაზებლებმა, ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გააკეთონ, რათა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებმა ევროპელებმა რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია გაუწიონ ჩვენს ქვეყანას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ კოლეგებს შორის და თავადაც არაერთხელ დაბრუნდნენ აქ.

– რა სიახლეებით ხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც რომ ვთქვათ, რა პროექტების განხორციელებას აპირებთ?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ინვესტორების მოთხოვნიდან გამომდინარე, ბევრ საერთაშორისო ბრენდთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. თუ ამ ბრენდებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ოპერირებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად თვეები სჭირდებათ, საქართველოსთვის ეს საკითხი შეიძლება ორ კვირაში გადაწყდეს, რაც ძალიან სასიხარულოა. ზოგადად, ინვესტორების, ბრენდების მხარდაჭერა გვიძლიერებს იმის სურვილს, რომ დეველოპმენტისთვის განსავითარებელი ახალი ადგილები მოვიძიოთ, სადაც ისეთ ბრენდებს დავითანხმებთ შემოსვლაზე, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში არ არიან წარმოდგენილები.

ამჟამად პირველ „ჰოლიდეი ინნ რეზორტს“ ვაკეთებთ ქალაქ ბათუმში, რომელიც „ბლუ სქაი თაუერსში“ იქნება წარმოდგენილი (150 ნომრით და სხვადასხვა ინფრასტრუქტურით). ასევე ბათუმში შემოგვყავს ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ივნისის შუა რიცხვებამდე მოეწერება ხელი. ქედაში ვაკეთებთ ლაქშერი ბრენდს „ხმალაძე არქიტექსთან“ ერთად, სადაც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიუანსები, ეს იქნება ძალიან დიდი რეზორტული ტიპის კომპლექსი. ასევე ლოკალურ ბრენდს ვხსნით შემოდგომაზე კახეთში, სოფელ რუისპირში.

– როგორია თქვენი მოლოდინი ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით?

– ძალიან დინამიკური, ის ყოველდღე იცვლება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველაზე დიდი ჩავარდნა თბილისში მდებარე ობიექტზე პირველიდან 10 მაისამდე გვქონდა, სადაც 7-დან 10%-მდე რეზერვაციები გაგვიუქმდა, თუმცა ჯერჯერობით დიდი ჯავშნები კვლავ ძალაში რჩება. ჩვენს ობიექტზე 80-85%-იან დატვირთულობას ვვარაუდობ. არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე რუსთაველზე მდებარე ობიექტებს შედარებით უფრო რთული ვითარება აქვთ, ზოგთან  მთლიანი რეზერვაციების 15-დან 25%-მდეა გაუქმებული, შეჩერებულია საკონფერენციო მიმართულებებიც. ამას ჩვენც ვგრძნობთ და არ შეიძლება, ვითარებაზე მხოლოდ ორი-სამი ობიექტიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ასე რომ, ჯერჯერობით მაინც დისბალანსია მოლოდინებში და ერთ-ორ კვირაში გამოჩნდება, საით წავალთ ამ კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები