„გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ მიმართავში წერია, სამინისტრო მიესალმება, რომ საფრანგეთის უწყება განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა, მათი განცხადება ობიექტურობას მოკლებულია:
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.
მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.
არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.