LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟიჟილაშვილი: „ძვირფასო ლექტორებო და სტუდენტებო, გვაპატიეთ ეს დიდი გაუგებრობა, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ უკან გამოვიწვიეთ უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერეციის განცხადებაზე“

711
ნინო ჟიჟილაშვილი

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორებო, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ ეს დიდი გაუგებრობა და მხედველობაში მიიღოთ, რომ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არის ურყევი. არა რუსულ კანონს“, – ამის შესახებ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჟიჟილაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, „კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ, უკან გაიწვია უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერეციის განცხადებაზე“.

„იხილეთ პოზიცია:

„კავკასიის უნივერსიტეტის“ მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.

ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავლშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა – დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა“, – აღნიშნულია ნინო ჟიჟილაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, დღეს 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მოწინააღმდეგე სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

როგორც მიმართვაში წერია, „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო  პროცესის წარმართვას“. ამავე განცხადების მიხედვით, „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

განცხადების ხელმომწერთა შორის იყო კავკასიის უნივერისტეტიც.

🇬🇪🇪🇺 ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორები, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო….

Posted by Nino Zhizhilashvili on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

პოპულარულები