უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერიას განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს.
არჩილ ხოფერია აღნიშნულის შესახებ საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომელსაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და ამბობს, რომ მამუკა მამულაშვილი ბრძოლას განაგრძობს:
„ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა ჩაიარა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის, არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს“, – ამბობს არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვაში.
ფაქტის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობს მამუკა მამულაშვილიც:
„რთული მომწამვლელი ნივთიერებაა – მძიმე მეტალი, რომელსაც ბუნებრივად ადამიანი არ შეიცავს. როგორც ექიმები ამბობენ, ეს მოხდა საკვების მიღებით. მოგზავნილი იყო, ვინც მუშაობს ქართულ სპეცსამსახურებზე, ტირე, რუსულ სპეცსამსახურებზე, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა, ჩვენდა სამწუხაროდ, არის რუსული მთავრობის წარმომადგენელი და ასეთი პირები ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან. გამოძიება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, დაადგენენ, როდის მოხდა მოწამვლა“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში.