LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჰუალინგ ჯგუფი” ბანკ რესპუბლიკას ყიდულობს

123

”ჰუალინგ ჯგუფი” ბანკ რესპუბლიკას ყიდულობს. როგორც ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს ხინჯიანგ ჰუალინგთან (ჰუალინგ ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში – ბანკ რესპუბლიკაში აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.

ჰუალინგ ჯგუფი მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და ძირითადად მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა, ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ასევე ფლობს ერთ-ერთ ბანკს, ბაზისბანკს საქართველოში და ფინანსურ აქტივებს ჩინეთში.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ჰუალინგ ჯგუფის საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში.

”რასაკვირველია, ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენს ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნის უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე, დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით. შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალ გაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში დაახლოებით 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ ოპერაციას ჯგუფის კოეფიციენტებზე სულ მცირეოდენი ზეგავლენა ექნება. EBRD-ის წილი დაახლოებით 3.9% იქნება, ისიც დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და კვლავ იქნება საქართველოს საბანკო ბაზრის ერთგული ფინანსური პარტნიორი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ რესპუბლიკის და ბაზისბანკის ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და შესაბამისად საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე რეგისტრაციას ჩინეთში. ჯგუფის შესახებ „სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 66 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 31 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:

საცალო საბანკო მომსახურება საფრანგეთში, რომელიც მოიცავს „სოსიეტე ჟენერალის“ ფილიალების ქსელს, „კრედი დიუ ნორდისა“ და „ბურსორამას“ ბრენდებს; თითოეული მათგანი კლიენტებს უზრუნველყოფს ფინანსური მომსახურების სრული სპექტრითა და მრავალარხიანი პროდუქტებით, რომლებიც ციფრული ინოვაციის წინა ფლანგზე დგას;

საერთაშორისო საცალო საბანკო მომსახურება, დაზღვევა და კორპორაციული კლიენტების ფინანსური მომსახურება, რომლებსაც აქვს ქსელები განვითარებად რეგიონებში და ბაზრის ლიდერი სპეციალიზებული ბიზნესები;

კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, კერძო საბანკო მომსახურება, აქტივებისა მართვა და ფასიანი ქაღალდების მომსახურება; მათ აქვთ აღიარებული ექსპერტიზა, უმაღლესი საერთაშორისო რეიტინგები და ინტეგრირებული გადაწყვეტები. „სოსიეტე ჟენერალი“ შეტანილია სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ საინვესტიციო ინდექსებში. ესენია: დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსი (მსოფლიო და ევროპა), FSTE4Good ინდექსი (მსოფლიო და ევროპა), „ევრონექსტ ვიგეო“ ინდექსი (ევროპა, ევროზონა და საფრანგეთი), ESI Excellence ინდექსი Ethibel-ისგან (ევროპა) და STOCIXX ESG ლიდერების 4 ინდექსი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g