სამხრეთ კორეაში Hyundai-ის საწარმოების თანამშრომლებმა ნაწილობრივი გაფიცვა დაიწყეს. როგორც Bloomberg-ი წერს, აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კომპანიასა და პროფკავშირებს შორის ხელფასების სისტემის შეცვლაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
თუმცა დავის მთავარი მიზეზი მხოლოდ ანაზღაურება არ არის. თანამშრომლები დასაქმების გარანტიებსაც ითხოვენ, რადგან Hyundai უახლოეს წლებში Boston Dynamics-ის ჰუმანოიდი რობოტების, Atlas-ის, წარმოებაში დანერგვას გეგმავს.
გაფიცვის ფარგლებში თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილებს დადგენილ დროზე ორი საათით ადრე დატოვებენ. ამის შემდეგ პროფკავშირები შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მუშების მოთხოვნებში შედის:
- საბაზისო ხელფასების გაზრდა;
- პრემიების ზრდა;
- კომპანიის მოგების განაწილების სისტემის დანერგვა, მსგავსი იმ მოდელისა, რომელსაც Samsung-ი იყენებს.
მაგალითად, Samsung-მა თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებული დამატებითი შემოსავლების ნაწილი სპეციალური პრემიების სახით უკვე გაუნაწილა.
Hyundai გეგმავს, რომ Atlas-ის ჰუმანოიდი რობოტები საწარმოებში 2028 წლიდან გამოიყენოს. თუმცა თანამშრომლებს შიში აქვთ, რომ ავტომატიზაცია დროთა განმავლობაში ადამიანების სამუშაო ადგილებს შეამცირებს.
სწორედ ამიტომ ისინი ფიქსირებული შემოსავლის გარანტიასაც ითხოვენ, რათა ავტომატიზაციის გამო სამუშაო საათების შემცირებამ მათი ხელფასები არ დააზარალოს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეაში მდებარე საწარმოო კომპლექსებზე Hyundai-ის წლიური გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდის. შესაბამისად, წარმოების თუნდაც მოკლევადიანმა შეფერხებამ კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი შეიძლება მიაყენოს.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, Hyundai-ის წარმომადგენლების არაოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, რომ კომპანია პროფკავშირების მოთხოვნებზე დათმობას ამ ეტაპზე არ აპირებს.