„ფორტუნა პლუსში” გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც თავის პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებაზე საინტერესოდ ისაუბრა.
დღეს ჩემი სტუმარია მსახიობი, რომელსაც აქვს უამრავი როლი, როდესაც მის ბიოგრაფიას ვკითხულობდი, გაოგნებული დავრჩი, არსებობენ თუ არა სხვა ქართველი მსახიობები, რომელთაც ამდენ რეჟისორთან აკავშირებთ თანამშრომლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც... ია, მადლობა სტუმრობისთვის ამდენთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ.
ხშირად მოგვიწია ჩვენი შეხვედრების გადადებამ, ბოდიში ამისთვის. ჩემს თავზე რომ დავგუგლე, ძალიან მწირი ინფორმაციაა რეალურად. ძალიან ხშირად, როდესაც ტაქსით ვსარგებლობ, „ცხელი ძაღლიდან“ მიცნობენ და მათ შორის ახალგაზრდებიც მეკითხებიან, აღარ თამაშობთ მეტს არაფერსო? ოდნავ გაღიზიანებულმა ვუპასუხე ერთხელ, ძალიან ბევრი კინოროლი ვითამაშე მას მერე, აქეთ მაქვს კითხვა, კინოთეატრში დადიხართ? ტელევიზორს ხშირად უყურებთ-მეთქი. თითქმის ვერაო და აბა, საიდან ეცოდინება. ისეთი მტკივნეულია ჩემთვის, რომ მხოლოდ „ცხელი ძაღლიდან“ მცნობს საზოგადოება. ბოლო 5 წელიწადში ორი ფილში მივიღე მონაწილეობა, რამაც დიდი წარმატება მომიტანა. სამამულო კინოს არ უნდა სჭირდებოდეს დიდი პიარი ჩემს ქვეყანაში. ყოველთვის ჩივიან ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები, რომ კინოთეატრებში ქართულ ფილმებზე არ დადიან, რაც არ უნდა გააპიარო. პენსიონერების ასაკის ხალხს შეიძლება არ უწყობდეს ხელს ჯანმრთელობა, რომ იარონ კინოთეატრებში, მაგრამ ახალგაზრდებს რა უშლის ხელს? კინოთეატრები კარგად ფუთავენ და კარგად უშვებენ რეკლამას, უცხოურ ფილმზე რომ მოდიხარ, ხომ შეიძლება, ქართულმა კინომაც დაგაინტერესოს.
იამ დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი, 80-იანი წლების გოგონაა და მისი კარიერა დაიწყო 2000-იანი წლებიდან, როდესაც დაუძახეს პეტერბურგში. იას ნათქვამი ერთი ფრაზა მახსენდება, რომ ქართველი მსახიობები თამაშს სწავლობენ ეკრანზე, ფილმიდან ფილმამდე…
ამ ქალაქის ხსენება დღეს დიდი დანაშაული გახდა, მაგრამ ჩემი ისტორიაა და ვერაფერს ვუზამ ამას. 2001 წელს დამიძახეს პეტერბურგში სინჯებზე. გულწრფელი ვიყავი და ვუთხარი, რომ არანაირი შეხება არ მქონია ეკრანთან, მომიჩინეს ასისტენტი, რომელმაც მასწავლა ანა-ბანა. საკმაოდ საპასუხისმგებლო ფილმი იყო, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის აიღო ჯილდო. რეალურად იქ შვიდთვიანი მასტერკლასი გავიარე და ფული არ გადამიხდია. სერბი გოგონას როლი ვითამაშე, მომიწია სერბული ენის სწავლამაც. იქიდან ჩამოსულმა, როცა სტუდენტები მოკლემეტრაჟიან ფილმებში მთავაზობდნენ მონაწილეობას, ვთანხმდებოდი, რომ პრაქტიკა მქონოდა. კინო 2007 წლის მერე გაცოცხლდა ჩვენთან და მქონდა შეგრძნება, რომ ბერვად თავისუფლად ვიყავი კამერასთან, ვიდრე მანამდე. მაშინ „ცხელი ძაღლის“ შემდეგი სეზონიდან გამიყვანეს ჩემი თხოვნით და ძალიან მიკვირს, რომ მაინც იმ სერიალიდან ვახსოვარ ხალხს, რაც ძალიან მიკვირს. სხვა პროფესიაც რომ ამერჩია, მგონია, რომ კარგი კადრი ვიქნებოდი, ნიჭის ხარჯზე ვერ გახვალ, დიდი შრომაა საჭირო. დღეს დამეთანხმებით, პოპულარობა ძალიან ადვილია. გააჩნია, ვის რა მიზნები ამოძრავებს.
ვინ გიბიძგა შენი ოჯახიდან, რომ მსახიობი გამხდარიყავი?
ეს იყო მამაჩემი. სრულიად შემთხვევით მოვხვდი „ბერიკებში“ და დღემდე მადლობელი ვარ გოგი თოდაძის, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა, რომ გაგვილამაზა ბავშვობა. ისეთ ქვეყნებში დავდიოდით გასტროლებზე, რომ სხვა შემთხვევაში ვერც დამესიზმრებოდა. ბევრი მეგობარი გავიჩინე, მათგან ყველა შედგა თავის პროფესიაში, მათ შორის აჩიკო სოლოღაშვილი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. მამაჩემი სულ ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს და ემოციურად იყო განწყობილი. როცა გაიგო, ჟურნალისტიკაზე ვაპირებდი ჩაბარებას, არაფერი მითხრეს, მაგრამ გოგი თოდაძე შეხვდა ჩემს მშობლებს და შეთქმულება მოამზადეს. გოგიმ სთხოვა, რომ ჩამებარებინა თეატრალურზე და თუ არ მომეწონებოდა, თავად დამეხმარებოდა, რომ საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადამეტანა… მიუხედავად იმისა, რომ „ბერიკებში“ ვიყავი, მსახიობობა არ მინდოდა. რომ ჩავაბარე, მერე მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მადლობელი ვარ მამაჩემის და გოგი თოდაძის. მამა ძალიან აღფრთოვანებული იყო, როცა სპექტაკლებზე მოდიოდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩუმად აბარებდნენ თეატრალურში, რადგან მშობლებს არ უნდოდათ… მამაჩემი კი ძალიან თანამედროვე იყო, ყველაფერთან ერთად…
ია, პირველი წარმატება და პირველი შური…
გააჩნია, როგორ დაიწყებ, პირველ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თეატრალურიდან ძალიან მალევე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. ბატონი რობერტ სტურუა ეძებდა ოფელიას როლზე გოგონას, „ჰამლეტს“ აკეთებდა, დამიბარა, მნახა, არაფერი შეხვედრა არ ყოფილა, მეტიც, ძალიან უცნაური იყო. გცალიათ? მცალია-მეთქი, ვუპასუხე და ნახვამდისო. გაკვირვებული დავრჩი. დამირეკეს ერთ კვირაში, რომ სარეპეტიციო ტანსაცმელი მიმეტანა. ძალიან კარგი პრემიერა იყო, თუმცა ჩემთვის არავის უთქვამს, რომ შტატში ვიყავი. ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ბატონი გია ყანჩელი და ბატონი რობერტ სტურუა ამოვიდნენ საგრიმიოროში და მითხრეს, კეთილი იყოს შენი მობრძანება რუსთაველის თეატრშიო. ამის მიუხედავად, სულ მიწევდა ყოველ ჯერზე იმის მტკიცება, რომ ეს ადგილი მეკუთვნის.
რაც შეეხება შურს, იყო ბევრი რამ, არასასიამოვნო მოსასმენი. ბატონმა რობერტმა ერთხელ მითხრა, ღმერთმა დაგიფაროს, რომ შენზე ცუდი არ თქვანო. 20 წლის ვიყავი და დიდი თვალებით ვუყურებდი, ვერ გავიგე-მეთქი. როცა არაფერს საინტერესოს აღარ გააკეთებ, არავინ არაფერს იტყვისო… მერე და მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რას გულისხმობდა.
იყო ბევრი სკანდალი შენ გარშემო, იხილავდნენ შენს პერსონას…
სულ იყო შეფასებები ჩემ მიმართ, რომ შემთხვევით გამომივიდა რაღაც, ხომ არ შეიძლება, შემთხვევით ყველა ჯერზე გაგივარდეს იარაღი, მაგრამ ასეთი შეფასებებიც შენდა სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. თუ საჭიროა, რომ რაღაც პერიოდი ამტკიცებდე, რომ გეკუთვნის ის ადგილი, სადაც ხარ, ეს კიდევ უფრო მეტად გწვრთნის, როგორც მსახიობს. არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩემს პროფესიას აქვს ეს ხიბლი, რომ გამოგივიდა და ახლა შეგიძლია ფეხი ფეხზე გადაიდო, ჩათვლიმო, შეიძლება, დარჩე იმავე ადგილას. ერთხელ, ჩემს სახლში ახლობლის სატელეფონო ზარი გაისმა, ჩემს შვილს თეატრალურში უნდა ჩაბარება, არც ჰუმანიტარულ საგნებშია ძლიერი და არც კითხვა უყვარსო, მაგრამ პაპას კარგად აჯავრებსო. მეწყინა, მსახიობობას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის, ზოგადი განათლებაც. მუსიკა, მხატვრობა, მწერლობა, ზოგადად, ყველაფერს უნდა ეხებოდე.
გამახსენდა შენი ერთი ინტერვიუ, სადაც კინოზე, თეატრსა და სერიალზე საუბრობდი და აღნიშნე, რომ რომ მთავარია, შეიგრძნო როლი… მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. ბევრი პროფესიონალი თეატრის მსახიობია, რომელიც კინოში ვერ თამაშობს…
ეს ძალიან ნორმალურია. ბატონი დოდო აბაშიძე, როგორც მე ვიცი, თეატრში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე კინოში. არ მიწყინონ მისმა ოჯახის წევრებმა. კიდევ არსებობდა სერგო ზაქარიაძე, რომელიც საოცარი იყო, როგორც თეატრში, ასევე კინოში. თუ გამოგდის ორივე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
შევთანხმდით, რომ პირად თემაზე არ უნდა გვესაუბრა, მაგრამ ზოგადად უნდა დავსვა კითხვა, სამი ქორწინება გქონდა, ორი – შენი პროფესიის ადამიანთან, მესამე – განსხვავებული პროფესიის… მსახიობთა ოჯახები ვიცით, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს. შენ როგორ ფიქრობ, ეს იყო დისკომფორტი შენს შემთხვევაში?
აღარ ვსაუბრობ ამ თემაზე და ამ განტოლებას აღარ ვხსნი. თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი… ძალიან კარგი თეატრალური წყვილები არიან. ჩემი პირადი ვერ შედგა დიდად, მაგრამ ვერ ვნერვიულობ იმაზე, რაც არ გამოვიდა. ჩაციკლული ადამიანებიც მინახავს, დღემდე ნევროზაკიდებულები დადიან. მე გარდამეცვალა მეგობარი, თამუნა ანდრიაძე, რომელთან ერთადაც პირველი კლასიდან მოვდიოდი, იმდენად უცებ გამომეცალა და იმდენად იმოქმედა, მივხვდი, წუთია წუთისოფელი, იმაზე დროის ხარჯვა, რა გამომივიდა და რა ვერა, აღარ შეიძლება. თან, მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს ეროვნული გამოცდები ჰქონდა, სამი წელი იმეცადინა. იმდენი რამ მაბედნიერებს ჩემს ცხოვრებაში, გულისწყვეტებიც მაქვს, მაგრამ ვერაფერს გადავაყოლებ ჩემს ჯანმრთელობას.
შევეხოთ ვენეციის კინოფესტივალს, სადაც შენი ჩაცმულობა გახდა განსჯის საგანი…
ეს იყო იკა რუსაძის კაბა… პრობლემა არ იყო, რა კაბა მეცვა, პრობლემა ის იყო, რატომ ვიყავი იქ. დეა კულუმბეგაშვილთან სატელეფონო საუბრისას, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, პატარა ქვეყანა ხართ და რატომ არ გიყვართ წარმატებული ადამიანებიო. ქართული კინოს რეალობაში მოხდა ფანტასტიკური რამ, მთავარ საკონკურსო პროგრამაში, სადაც საოცარი რეჟისორები და მსახიობები იყვნენ, მოვხვდით მათთან ერთად. მე არ ვარ მოდელი, არ წარმოვადგენ რომელიმე ბრენდის სახლს, ვარ მსახიობი და წარმოვადგენდი ფილმს, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა. ეს იყო ფილმი „აპრილი“. ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ხალხი ელოდებოდა ამ ფილმს, პარალელურ რეჟიმში სრულიად საქართველო განიხილავდა ჩემს კაბას. დედაჩემის ტოლი ხალხი ისეთი სიტყვებით მლანძღავდა, უხერხული იყო. ღმერთმა გაგიმარჯოთ… თურმე, როგორ შეიძლება, რომ ასეთი დეკოლტე მეცვას. პარალელურად, თამო ვაშალომიძე წარმოადგენდა თავის პროდუქციას და ისიც აბულინგეს. მივხვდი, რომ მთავარი პრობლემა და კითხვა იყო, რატომ ხარ შენ იქ? იქ მთავარი ჯილდოს მფლობელი გავხდით, ამას მოჰყვა აზიური ოსკარი. 2020 წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზეც მინდა ვისაუბრო, იმ დღეს, როცა გავიმარჯვე და გავიღვიძე, იყო სხვა რეალობა. ეს იყო საოცრება, წინა წელს ჯულია რობერტსი დააჯილდოვეს, შემდეგ წელს ჯესიკა ჩესტეინი. ყველას მოვუწოდებ და მაინც მგონია, რომ სიყვარული გადაარჩენს ყველაფერს. მგონია, რაღაცების გადაფარვა ხდება ხელოვნურად, სულ ვეძებთ რაღაც ხინჯს. არ ვარ ადამიანი, რომელიც ჩაციკლულია ბრენდებსა და „პეროზე“. ჩემი ბედი მივანდე ადამიანს, რომელსაც გემოვნებიანად ვთვლი. მართლა ლამაზი კაბა შექმნა იკა რუსაძემ. შეიძლება ვიღაცას მოვწონდე და ვიღაცას – არა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფილმმა ჩამოიტანა „ოქროს ლომი“. ამაზე რომ ვისაუბროთ მეტი და ჩემს ფეხსაცმელზე და სამკაულზე, ნაკლები, უფრო მეტად გამიხარდებოდა… ამ ბულინგით ვინმეს თუ რამე ემატება, იყოს ასე…
ახლა რა შემოთავაზებები გაქვს?
მაქვს, ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან მაქვს ცრურწმენები. ეს შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან მაქვს.