უკვე ჩაერთეთ “საიდუმლო სანტას” თამაშში და არ იცით რა საჩუქარი შეარჩიოთ? ახალი წელი ახლოვდება, გინდათ გული არავის დაწყვიტოთ, მაგრამ ფინანსები არ გყოფნით? იქნებ მთელი დღე სამსახურში ხართ და შესაფერისი საჩუქრის შერჩევას ვერ ახერხებთ?
„ფორტუნამ“ გადაწყვიტა წინასაახალწლო სამზადისში თქვენი ელფი ყოფილიყო, თქვენს ნაცვლად შემოევლო სავაჭრო ცენტრები და მაქსიმალურად მცირე თანხით, 5-დან 20 ლარამდე სასაჩუქრე იდეები მოეწოდებინა.
კლასიკური საჩუქარი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არც ისე კარგად იცნობთ შეიძლება იყოს:
- საფულე, ქამარი, საათი, ხელთათმანი;
- ალკოჰოლი;
- წიგნი;
- საქმიანი აქსესუარი სამუშაო კუთხისთვის.
საჩუქრები, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება:
- პლედი, საახალწლო წინდები;
- თერმოჭიქა;
- ნაძვის ხის და ინტერიერის საახალწლო აქსესუარი.
საახალწლო პრინტით გაფორმებული ნივთების შეძენა მაღაზიებში 5 ლარიდან შეგიძლიათ. მაგალითად, ლამაზი ჭიქა ყავა-ჩაისთვის, თბილი წინდები ან სულაც ნაქსოვი ხელთათმანი.
ცივ ზამთარში ეს ნივთები ნამდვილად გამოადგება საჩუქრის ადრესატს.
წინასაახალწლო პერიოდში, სიმყუდროვის შესაქმნელად თბილი პლედი შეუცვლელი ატრიბუტია, პლედების ფასი მაღაზიებში 7 ლარიდან იწყება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი მამაკაცია, თბილი ნაქსოვი შარფი ან ქუდი ნამდვილად მოეწონება. არჩევანიც დიდია, ფასები 10-17 ლარამდე მერყეობს.
დაბოლოს, ახალი წელი რთულად წარმოსადგენია საახალწლო პრინტიანი სვიტერების გარეშე. მართალია მათი ფასი 30 ლარიდან იწყება, მაგრამ წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საჩუქარია.
იმ შემთხვევაში თუ საჩუქრის ადრესატს კარგად იცნობთ და იცით როგორი კოსმეტიკა, სუნამო ან ბიჟუტერია მოსწონს, ჩათვალეთ გაგიმართლათ, არჩევანი საკმაოდ ფართოა, ფასები ხელმისაწვდომი.
ავტომობილის მფლობელს თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ მანქანის აქსესუარები. ალბათ ყველა ასაკობრივ კატეგორიას მოეწონება ასევე კარგი ხარისხის ყურსასმენებიც.
„ფორტუნას“ მიერ შემოვლილი საშუალო საფასო სეგმენტის მაღაზიები წინასაახალწლო პერიოდში მომხმარებელს 30-70% ფასდაკლებასაც თავაზობს, რაც დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და არსებული ბიუჯეტით გაცილებით მეტი ადამიანის გახარებას შეძლებთ (გაითვალისწინეთ, ფასდაკლება ნაკლებად ეხება საახალწლო დიზაინით და პრინტით გაფორმებულ ნივთებს).
საჩუქრის შერჩევის და ყიდვის შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია შეფუთვა. მაღაზიების ნაწილი უფასოდ თავაზობს მყიდველს სასაჩუქრე შეფუთვას. შეგიძლიათ თავადაც შეიძინოთ შესაფუთი მასალა, სასაჩუქრე ქაღალდის პარკები 0,50-5 ლარამდე, შესაფუთი ქაღალდი კი 1-3 ლარი ღირს.
ნებისმიერ შემთხვევაში რა სახის და ფასის საჩუქარიც არ უნდა შეარჩიოთ, გახსოვდეთ მარტივი პრინციპი: არასოდეს იყიდოთ საჩუქარი მოვალეობის მოხდის მიზნით. იფიქრეთ ნივთის ფუნქციურობასა და ორიგინალურობაზე.
თამუნა გოგუაძე