დაკავებულია ორი პირი, რომლებიც იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების რეალიზაციას „პერსილის“ და „არიელის“ სამარკო ნიშნით ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილი“- ს და „არიელი“- ს სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



