“ჩვენ გვინდა რომ, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს. გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და ეს იმოქმედებს ფასებზე,” – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მინისტრი ამ ინიციატივას ბაზრის დივერსიფიკაციით ხსნის და ამბობს, რომ “გაზპრომთან” კონტრაქტის გაფორმება, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გათვალისწინებით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და „გაზპრომი” სომხეთში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმება ორი წლის ვადით დაიდო და ხელშეკრულების პირობები საიდუმლოა, თუმცა ცნობლია ის, რომ პირველ წელს საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საფასურს ნაწილობრივ გაზის სახით იღებდა, ხოლო მეორე წელს ანგარიში მთლიანად მონეტიზებული გახდა. როგორც ცნობილია, თანხობრივად ეს ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ბუნებრივი აირის ღირებულება, რასაც ქვეყანა უფასოდ იღებდა.
ამ ფონზე, ნავთობისა და გაზის კორპორაცია პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 50%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3,5 მრლდ კუბამეტრს გადააჭარბებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, უფრო აქტუალური ხდება, საიდან უნდა მიიღოს ქვეყანამ ხელმისაწვდომ ფასად ბუნებრივი აირი და ხომ არ დაუჯდება საქართველოს ეს პოლიტიკურ ფასად ოკუპანტი მომწოდებლის ხელში?
ამ საკითხზე ენერგეტიკოსებსა და ექსპერტებში აზრი ორად არის გაყოფილი. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მინისტრი მცირე რაოდენობით გაზის შესყიდვაზე საუბრობდა, რაც მონოპოლისტურ ბაზარს შეცვლის და შესაბამისად, კომერციული სექტორისთვის ფასების დაწევას გამოიწვევს. მისივე თქმით, ასეთ პირობებში ქვეყნის ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმია.
„მე რამდენადაც ვიცი, ბატონმა ქობულიამ განაცხადა, რომ მცირე რაოდენობით შესყიდვაზეა საუბარი, დაახლოებით იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობითაც საქართველოს რჩებოდა ტრანზიტიდან. სომხეთის მიმართულებით გატარებული რუსული გაზიდან ჩვენ ტრანზიტის მოცულობის 10% გვრჩებოდა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მოცულობის გაზის შემოყვანაზეა საუბარი. რადგან ეს ბაზრის გახსნა იქნება, ამან შესაძლოა კომერციული სექტორისთვის ფასების დაწევა გამოიწვიოს. ჩვენთან ერთი მონოპოლისტი მომწოდებელი “სოკარია” და საუაბრია, რომ მცირე რაოდენობით შემოვიყვანოთ მეორე მომწოდებელი. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოების რისკები მინიმალურია. ლაპარაკი რომ იყოს სხვა დიდ მოცულბებზე, რა თქმა უნდა, იქ არის უზარამაზარი პოლიტიკური რისკი, რისი დიდი გამოცდილებაც გვაქვს უკვე ქვეყანას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მცირე მოცულობაზეა საუბარი,“ – განაცხადა დავით მირცხულავამ „ფორტუნასთან“.
ის, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული გაზისადმი დამოკიდებულება შეცვალა, ძალიან სახიფათოდ მიაჩნია პოლიტოლოგ და ეკონომიკის ექპერტ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულებას დადებს, შესაძლოა, ქვეყანა ხაფანგში აღმოჩნდეს, რისგანაც გათავისუფლება გაგვიჭირდება.
„საერთოდ გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიცირება ბუნებრივია, მარტივია. ქვეყანა მიისწრაფვის, რომ ალეტრანტივა ქონდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გაზის კონტრაქტები არის საკამოდ ხისტი კონტრაქტები, აქ უკვე ჩნდება ვალდებულება, რომ ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საკონტრაქტო ოდენობის შესყიდვა. ეს შესაძლებელია აღმოჩნდეს ხაფანგი, რომელში გაბმის შემდეგადაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება ძალიან გაგვიჭირდება. ეს ძალიან სახიფათო და საფრთხილო თემაა. შესაძლოა, ეს უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანს რამეზე ევაჭრებიან და ამიტომ აყენებენ ამ საკითხს, მაგრამ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაში,“ – აცხადებს გია ხუხაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.
გია ხუხაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ამ პირობებში გაზის ტარიფის შემცირება სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად ამ გადაწყევტილების უკან სხვა ინტერესები იკვეთება, რომელიც ჯერ ზედაპირზე არ ჩანს.
„ის, რომ გაზის ტარფიმა შესაძლოა დაიწიოს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან “გაზპრომისგან” ნაყიდი გაზი ვერ იქნება აზერბაიჯანზე იაფი, ეს სავსებით ცხადია. გაზი არის მონოპოლური სისტემა, ეს მიწოდება არის მონოპოლური სისტემები. თეორიულად შესაძლებელია ეს მოლაპარაკებები საერთოდ იმისთვის იყოს წამოწყებული, რომ “სოკარს” კიდევ უფრო დააკლებინონ ფასები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არგუმენტები და ამის უკან კიდევ რაღაც სხვა ინტერესი დგას, რაც ზედაპირზე არ ჩანს და გამოჩდნება. მე ვფიქრობ, რომ “გაზპრომთან” ამ თემებზე ლაპარაკი ძალიან სახიფათოა და არა ერთხელ დამტკიცებულა ჩვენს სინამდვილეში ეს ყველაფერი,“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის დადებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, უკვე თითქმის ორი თვეა, სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი კონტრაქტის გარეშე მიეწოდება. საქართველოს მთავრობის განმარტებით კი, ქვეყანა სწორედ ამ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ცდილობს.