„ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნულით იაგო ხვიჩიამ „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა:
„საერთოდ არ ვიცი, რას გულისხმობენ ამაში და როგორ აპირებენ მის განმარტებას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ახლაც სავსეა ისეთი მუხლებით, რომლებიც კონკრეტული ქმედების გამო, შეუსაბამოდ მაღალ სასჯელებს აწესებს. ზოგადად, მორალური შეფასება, რომ ვიღაც მოღალატეა თუ არ არის მოღალატე, ჩემი აზრით, არ არის მთავრობის საქმე.
მთავრობის საქმეა კონკრეტული ქმედება, დისპოზიცია, რომელიც ასაკრძალია, აკრძალოს. ჩემთვის უცნობია, რა ახალი დისპოზიცია ემატება სისხლის სამართლის კოდექს, რომლითაც საბოლოოდ უნდა მივიღოთ ღალატის შემადგენლობა.
პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დააინიცირა – რა ჩაითვლება „სამშობლოს ღალატად“
პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დააინიცირა – რა ჩაითვლება „სამშობლოს ღალატად“
სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს იქნება მუხლი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი ტიპის მუხლები – რასაც გინდოდა, იმას მოარგებდი და რაც გინდოდა, იმ ქმედებას შეიყვანდი შიგნით.
ჩემი აზრით, ასეთი ზოგადი და საშიში მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, გაასამართლო, თორემ ისე კონკრეტულად არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ აქვს“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.