აშშ-ს ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ საქართველო ენერგიის ერთ წყაროზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს.როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რომ ენერგორესურსების დივერსიფიცირება მოხდეს.
„საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მთავრობის წევრების განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრონ პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან”, – განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენად ნორმალურია “გაზპრომთან” ურთიერთობაში მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ “საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
