2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 185 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 24 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 980 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 30, 27 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში ასევე 32 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მაისში 953 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 16 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია. აქედან ექსპორტი 236 მლნ. აშშ დოლარი იყო რაც 30 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 717 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 22 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 29, 38 და 26 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში 21 პროცენტი).