საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12 683 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (713 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (657 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (579 მლნ აშშ დოლარი). საიმპორტო ქვეყნების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (2 103 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 591 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი ექსპორტის 34.5%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 8.8%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (მთლიანი ექსპორტის 4.3%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების (მთლიანი იმპორტის 20.4%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (მთლიანი იმპორტის 7.3%) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების (მთლიანი იმპორტის 3.5%) სახით.