LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება, ნატო-ში შეხვედრებს ვმართავთ: ვიქტორ დილიძე

98
ვიქტორ დოლიძე

„იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება, ნატო-ში შეხვედრებს ვმართავთ უკრაინელებთან კოორდინირებულ რეჟიმში, რათა მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ჩვენ ახლა ერთ ნავში ვსხედვართ“, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მომავალი კვირის განმავლობაში იმართება კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ნატო-ს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რუსეთის ფედერაციასთან იმ დესტრუქციული და საფრთხის შემცველი ნაბიჯების თაობაზე, რომელსაც რუსეთი უქმნის, როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს წინ. მომავალი კვირის განმავლობაში იმართება კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ნატო-ს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რუსეთის ფედერაციასთან იმ დესტრუქციული და საფრთხის შემცველი ნაბიჯების თაობაზე, რომელსაც რუსეთი უქმნის, როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. სწორედ ეს გზავნილები გაისმა გუშინ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის ნორმები, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი და თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ შეასრულოს და სამწუხაროდ, არ სრულდება.

როგორც სტოლტენბერგის, ასევე ბლინკენის გუშინდელი განცხადებები შეეხებოდა იმას, რომ ნატო არ შეჭრილა საქართველოსა და უკრაინაში – რუსეთი შეიჭრა; ნატო-ს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები – რუსეთმა დაარღვია და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამგვარ ქმედებებზე; ითქვა, რომ არანაირ გადახედვას არ დაექვემდებარება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, მომავალში რომელ უსაფრთხოების კავშირს შეუერთდებიან – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, გრძელდება კონსულტაციები საქართველოს უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან.

იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება; მოსალოდნელია, როგორც შეხვედრები, ასევე ვიზიტები, სატელეფონო საუბრები. ბრიუსელში ჩვენი მისია ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა დელეგაციასთან. გასული კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არდადეგებია, ნატო-ს პრაქტიკულად არ დაუსვენია; უმთავრესი საკითხი იყო სწორედ რუსეთი, უმთავრესი საკითხი იყო სწორედ კონსულტაციების გამართვა და ბოლოს, არ შეიძლება, არ აღვნიშნო უკრაინელებთან ჩვენი კოორდინირებული რეჟიმი; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ნებისმიერ ნაბიჯს, ისევე, როგორც უკრაინელები, ასევე ჩვენ, საქართველოს დელეგაცია, ვდგამთ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რათა უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ჩვენ ახლა ერთ ნავში ვსხედვართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთის გარეშე რაღაც გაუგებრობები არ წარმოიშვას. ამიტომ ეს შეხვედრები გაგრძელდება, ნატო-უკრაინის საბჭოს შემდგომ მე ვხვდები ბუნებრივია უკრაინად ელჩს, მომავალ კვირაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელების შეხვედრა, სადაც გიორგი მათიაშვილი, ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაური ჩამობრძანდება და ამ ფორმატსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. 26-ში არის დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ველოდებით, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სადაც წლიურ სამოქმედო გეგმას გადავხედავთ და შევაფასებთ; ასევე, უსაფრთხოების თემებსაც დაუკავშირდება ეს შეხვედრა“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g