იაპონია, ორშაბათიდან, „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების ავტორიზაციას გასცემს. გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ნორიჰისა ტამურამ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული ასაკის მოქალაქეების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრა ქვეყანაში დამატებითი კლინიკური ცდის ჩატარების გარეშე მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ „ფაიზერ/ბიონტექის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ კანადამ და შეერთებულმა შტატებმაც გასცეს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაზე ამ ასაკის პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ კორონავირუსის წინააღმდეგ მისი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.