LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს: დმიტრო კულება

242
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ უკრაინა მიიღებს საკმარის იარაღს თავის დასაცავად და თუ სანქციების საშუალებით ზეწოლა გაგრძელდება, მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავა.

„მე ვიცი ორი რამ: თუ უკრაინა მიიღებს საკმარის იარაღს თავის დასაცავად, თუ სანქციების ზეწოლა გაგრძელდება, მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია: იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებებში მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის ადგილზე უკრაინის არმიისა და ხალხის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა, ასევე სანქციები განსაზღვრავს. როგორც კულება განმარტავს, სწორედ სანქციების გამო, რუსეთმა მოლაპარაკებებზე ოდნავ შეცვალა თავისი პოზიცია.

„არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც განასხვავებს რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებებში, პირველი არის უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის სასტიკი წინააღმდეგობა ადგილზე; მეორე არის სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები, რომლებიც იწვევს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებასა და დაზარალებას.

მისი პოზიცია განსხვავებული ხდება, მაგრამ ამას დრამატულ ცვლილებას ან პოზიციის სერიოზულ ცვლილებას ვერ ვუწოდებ, თუმცა, ამ პირობებში რუსეთის პოზიციის ყოველი ცვლილება კონსტრუქციულია. იმიტომ, რომ ისინი იწყებენ ცალმხრივი ულტიმატუმებით, და ერთად აღებული ეს ულტიმატუმები უკრაინის ცალმხრივ კაპიტულაციას წარმოადგენს, რაც მიუღებელია,“- აღნიშნა კულებამ.

კითხვაზე, რომ მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი იმეორებს რიტორიკას უკრაინის „დენაციფიკაციის“ შესახებ, კულებამ უპასუხა: „რუსეთი არასოდეს, არასოდეს აღიარებს, რომ წავიდა დათმობაზე ან გააცნობიერა, რომ ის მიზნები, რაც მათ დასახეს, მიუღწეველი იყო. ისინი ყოველთვის საჯაროდ იტყვიან, რომ „ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდოდა“, „ -აღნიშნა კულებამ.

magti 5g