LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იასინ იბრაჰიმი: „მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ერთადერთი – აფხაზეთში არ ვყოფილვარ და რომ დავიბრუნებთ, მანდაც წავალ“

118
იასენ-იბრაჰიმი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტიკ-ტოკერი,  ინფლუენსერი, იასინ იბრაჰიმი. 

როგორი ბავშვობა გქონდა?

ერაყში დავიბადე, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, თუმცა ბავშვობიდან ვმუშაობ, სკოლაში არ მივლია, მიყვარს შრომა. ჩემით გავაკეთე ყველაფერი. ბევრი და-ძმა, დეიდაშვილი მყავს. ერაყში ბევრი ომი იყო, საშინელი დრო გამოვიარე, ვიბრძოდი კიდეც. ახლა იქ ცხოვრება ძალიან საშიშია, თუ არ გყავს ვინმე მთავრობაში, თავისუფლად ვერ იცხოვრებ. ჩემი ძმა საქართველოში სტუდენტი იყო 2012 წელს და მასთან ჩამოვედი. ძალიან მომეწონა აქაური ხალხი, მათი გვერდში დგომა, სითბო ვიგრძენი. როგორც უცხო, აქ თავს არ ვგრძნობ.

საქართველოში რა ბიზნესი დაიწყე?

აზიზის მადლობელი ვიქნები სულ, ის დამეხმარა, ვიყიდე მინივენი, არაბი ტურისტები დამყავდა საქართველოში, კახეთში, ბათუმში. მათ ვურჩევდი ადგილებს, თუ სად უნდა წასულიყვნენ. შემდეგ პატარა საშაურმე გავხსენი მარჯანიშვილზე. აქ შენ ხარ შენი თავის უფროსი, სხვაგან ვერ იქნები ასე. საქართველო ყველანაირად კარგი ქვეყანაა. მე აქ გავიზარდე, 12 წელია აქ ვარ, ჩემი სამეგობრო, ოჯახი – ყველა ქართველია.

რომელი კერძი დააგემოვნე პირველად აქ და რის გასინჯვას ურჩევ ხოლმე ტურისტებს?

არაბებს აჭარული ხაჭაპური აინტერესებთ ხოლმე ძალიან. პირველ, მეორე დღეს, ძირითადად, ხინკლის დასაგემოვნებლად მიმყავს ხოლმე.

ოჯახზე გვიამბე, ვიცი, რომ ქალიშვილი გყავს…

დიახ, პატარა გოგო მყავს, 4 წლისაა, მარიამი. ბაღში დადის, ჩემი მეგობარიცაა, ჩემთვის ყველაფერია. ოჯახი 2017 წელს შევქმენი. მომავალში არავინ იცის, რა იქნება, მთავარია, კარგად მოიქცე, ჩემი აზრით, ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. მეგობრობა ვიცი, ძმაკაცობა ვიცი… ქართული მეგობრებმა მასწავლეს, რთული ენაა. ახლა  ვაპირებ, რომ ქართულად წერა ვისწავლო, კარგი მასწავლებელი მჭირდება. ბევრი მწერს ხოლმე და უხერხულად ვარ, რომ ვერ ვპასუხობ, ამიტომ აუცილებლად უნდა ვისწავლო. მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ერთადერთი – აფხაზეთში არ ვყოფილვარ და რომ დავიბრუნებთ, მანდაც წავალ. ქართული ტრადიციებიც მომწონს, სიმართლე რომ გითხრა, ქართულ ტრადიციებსა და ჩვენს ტრადიციებს შორის დიდი არაფერი განსხვავება არ არის. უბრალოდ, ჩვენთან სასმელი არ შეიძლება, აქ შეიძლება.

როგორ დაიწყო შენი ტიკ-ტოკ საქმიანობა?

მე და აზიზი ვიყავით მარტო სახლში, შევქმენით პირველი ანგარიში. ჩავრთეთ ლაივი, ბევრი ნახვა მოაგროვა. ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა ხოლმე, შავი ხარ და ხუჭუჭაო და ჩემს ცალკე გაკეთებულ ანგარიშს „ხუჭუჭა“ დავარქვი. მინდა გითხრათ, რომ „ჰეითერები“ არ მყავს. ყველაზე მეტად მიყვარს სელენასთან დუეტი, ის ძალიან კარგი ადამიანია, მისგან ცუდი არ მახსოვს. პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან რთული ცხოვრება გაიარა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ტიკ-ტოკი მთელ მსოფლიოშია და არ გვინდა ხოლმე ლანძღვა, ცუდი სიტყვები, ჯობია, თავი შევიკავოთ შეურაცხყოფისგან. რაიმე თუ არ მოგწონთ, უბრალოდ, არ უყუროთ.

რა გეგმები გაქვს?

მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ, რომ კომპანია „მეგა“ შევქმნათ და გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები