LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იცოდე, ჰეპატიტი არ იცდის” – ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პრაქტიკულად, ჯანმრთელად გრძნობ თავს, ხოლო როდესაც იგრძნობ პრობლემას, უკვე ძალიან გვიანია – მარინა თოფურიძე

263
მარინა თოფურიძე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა იცის, რომ მატარებელია С ჰეპატიტის და სჭირდება მკურნალობა, არ იყენებს ამ შესაძლებლობას, – ამის შესახებ NCDC-ის წარმომადგენელმა, მარინა თოფურიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები გარკვეულწილად გახდა ამის ბარიერი, თუმცა საზოგადოებას განუმარტა, რომ ჰეპატიტის მკურნალობის სერვისი არ შეწყვეტილა და დღესაც ფუნქციონირებს.

„პანდემია, მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის და სამწუხაროდ, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც არ იყო გამონაკლისი. პანდემიის გამო წარმოიშვა დიდი ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იცოდნენ თავიანი სტატუსის შესახებ, გამოუვლინდათ С ჰეპატიტი, არ მიმართავდნენ ექიმს მკურნალობის ჩასატარებლად, იმ ფონზე როდესაც მისი დიაგნოსტირება, მკურნალობა ქვეყნის მასშტაბით უფასოა და ხელმისაწვდომია.

ამ გამოწვევის საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა „მიდევნების პროგრამა“, რაც მოიცავს დაკავშირებას იმ ადამიანებთან, ვისაც დაუდასტურდა С ჰეპატიტი“,- აღნიშნა მარინა თოფურიძემ და С ჰეპატიტის მატარებელ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩაერთონ მკურნალობის პროცესში.

როგორც NCDС-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 2015 წელს ჩატარდა ე.წ. გავრცელების სეროპრევალენტური კვლევა, რომელიც წელსაც განმეორდა.

„პირველადი შედეგებით, პროცენტული მაჩვენებელი C ჰეპატიტის გავრცელების მნიშვნელოვნად არის დაკლებული (7,5%-ია) და შედეგების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება და ვნახავთ, რა შედეგები გამოიღო ამ მნიშვნელოვანმა პროგრამამ, რომლის მიზანია ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრას С ჰეპატიტი. ეს ნამდვილად მიღწევადია.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სისტემაში რომ თითოეულ სოფელში ხელმისაწვდომი გამხდარიყო სკრინინგის პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში 70 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო და მათი 99%-ი სრულად განიკურნა. პრაქტიკულად, ეს ვირუსი მათ ორგანიზმში არ არის და ეს დიდი მიღწევაა.

მარინა თოფურიძის განცხადებით, დაავადების რეალური რისკის აღქმა მოსახლეობაში ძალიან დაბალია.

“С ჰეპატიტს “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ, ვინაიდან პრაქტიკულად არ ახასიათებს სიმპტომები. ზოგადი გამოვლინება აქვს – სისუსტე, ტემპერატურა, რაც შეიძლება მარტივად გამოგვეპაროს და სხვა რაღაცას, მაგალითად, გაციებას დავუკავშიროთ. ამას ერთვის პანდემია, ინფიცირება, იზოლაცია და ადამიანი ცდილობს გადადოს ექიმთან ვიზიტი. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის „С ჰეპატიტი არ იცდის“ და სწრაფად უნდა ჩაერთონ მკურნალობაში“.

ამ ინფექციას ახასიათებს სპეციფიკურობა, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არ აწუხებს ადამიანს, პრაქტიკულად, ჯანმრთელად გრძნობს თავს და ეს არის მიზეზი, რის გამოც პირი იკავებს თავს. ხოლო როდესაც იგრძნობს პრობლემას, უკვე ძალიან გვიანია.

საინტერესოა, რომ პირველადი კვლევით, 40%-ში ვერც კი დადგინდა რა იყო ინფიცირების წყარო, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ინფიცირების წყაროს, პირველ რიგში საჭიროა დროულად დაადგინონ სტატუსი.

ტესტირება შესაძლებელია ჩაიტარონ პირველადი ჯანდაცვის რგოლში, პირველადი ეტაპი არის სკრინინგი, იმ შემთხვევაში თუ დაუდასტურდა, შემდეგ ტარდება კვლევა და ამის შემდეგ ერთვება ადამიანი მკურნალობაში”, – განაცხადა NCDС-ის წარმომადგენელმა, მარინა თოფურიძემ “ფორტუნას” ეთერში “კვირის თემა”.

ამავე გადაცემაში ტესტირების კვირეულთან დაკავშირებით ისაუბრა ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ.

მისი თქმით, ზიანის შემცირების ქსელი ტესტირების კვირეულს წელიწადში ორჯერ მართავს.

“აღნიშნული ტესტირების კვირეულის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობთ უფასო სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე, С ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, სიფილისზე.

განსაკუთრებით C ჰეპატიტია აქტუალური იმ მხრივ, რომ ქვეყანაში გვაქვს ასეთი უნიკალური პროგრამა ელიმინაციის პროგრამის სახით, კოვიდის მავნე გავლენის გამო მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა C ჰეპატიტის ახალი შემთხვევები.

გვინდა მივწვდეთ, ვიპოვოთ, ის ადამიანები, ვინც არ ჩართულან მკურნალობის პროცესში. გვინდა გავაგებინოთ, რომ 99%-ში ეს არის განკურნებადი, არ აქვს გვერდითი მოვლენები და მოვუწოდოთ ჩაიტარონ დროულად სწრაფი, მარტივი ტესტირება, რომელიც 15 წუთში აძლევს პასუხს ადამიანს და შემდეგ თუკი აღმოჩნდება დადებითი პასუხი ვრთავთ სამკურნალო პროგრამებში”, – აღნიშნა მაკა გოგიამ.

მისივე განცხადებით, წინა წლებთან შედარებით რეგიონებში მნიშვნელოვნად შემცირებულია მოსახლეობის აქტიურობა.

ადრე უფრო ინტერესდებოდნენ ტესტირების სერვისით, წელს ნაკადი შედარებით ნაკლებია, თუნდაც იმ ფაქტორის გამო, რომ დაინფიცირების ეშინიათ. შესაბამისად, უფრო მეტი ძალისხმევა გვიწევს, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ ჩაიტარონ სკრინინგი”,- განაცხადა ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ “ფორტუნას” ეთერში, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ.

 

magti 5g